ავტორიზაცია

უეფა ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს უფრო დიდ ფულს გადაუხდის - რამდენით გაიზარდა საპრიზო ფონდი?

უეფა ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს უფრო დიდ ფულს გადაუხდის - რამდენით გაიზარდა საპრიზო ფონდი?
თარიღი 26 მაი 2021, 01:27

უეფა 2021/22-სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდის გაზრდას აპირებს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, საპრიზო ფონდის საერთო თანხა 2.032 მილიარდი ევრო იქნება. ნებისმიერი გუნდი, რომელიც ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, მხოლოდ მონაწილეობისთვის 15.64 მილიონ ევროს მიიღებს, რაც 390 ათასით მეტია, ვიდრე ამ სეზონში.

ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული თითო გამარჯვება გუნდს კიდევ 2.8 მილიონ ევროს მოუტანს (100 ათასით მეტი, ვიდრე ამ სეზონში), ფრის შემთხვევაში კი გუნდის ბიუჯეტი 930 ათასით გაიზრდება (30 ათასით მეტი).

მერვედფინალში გასვლით გუნდები 9.6 მილიონით გამდიდრდებიან (+ 100 ათასი ევრო), მეოთხედფინალში - 10.6 მილიონით (+ 100 ათასი ევრო), ნახევარფინალში - 12.5 მილიონით (+ 500 ათასი ევრო), ფინალში - 15.5 მილიონით (+ 500 ათასი ევრო). რაც შეეხება გამარჯვებულს - ტურნირის ტრიუმფატორი 20 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ერთი მილიონით მეტია, ვიდრე აქამდე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მიუნხენის „ბაიერნია", რომელმაც ფინალში „პსჟ-ს" 1:0 მოუგო, ამ სეზონის ფინალი კი 3 დღეში, 29 მაისს გაიმართება და მასში „სიტი" და „ჩელსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.