ავტორიზაცია

ევროპა ლიგის ფინალი - წყვილი, რომელმაც 360 წუთის მანძილზე ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანა

ევროპა ლიგის ფინალი - წყვილი, რომელმაც 360 წუთის მანძილზე ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანა
თარიღი 26 მაი 2021, 10:21

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება ევროპა ლიგის ფინალი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ვილიარეალს" შორის. განვიხილოთ ყველაფერი საინტერესო და დამაინტრიგებელი "ენერგა გდანსკის" სტადიონზე გასამართი მატჩის წინ. მოკლედ, დღეს, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის სეზონის დახურვაა.

განვლილი გზა

"წითელი ეშმაკები" ევროპა ლიგაზე მოვიდნენ ჩემპიონთა ლიგიდან, სადაც მათი მოწინააღმდეგეები ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ "პარი სენ-ჟერმენი", "ლაიფციგი" და "ისტანბულ ბაშაქშეხირი". არსებობს მოსაზრება, "მანკუნიანელებს" მეტი სტაბილურობა რომ გამოეჩინათ, ეს გუნდი აღმოჩნდებოდა ჩემპიონთა ლიგის წამყვან ბატალიებში.

რაც შეეხება ევროპა ლიგის პლეი-ოფებს, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა დაამარცხეს "მილანი", "რომა", "რეალ სოსიედადი" და "გრანადა". როგორც ვხედავთ, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ლა ლიგისა და სერია ა-ს მკვიდრებს ნამდვილი ომი გამოუცხადა, წინ კი პრიმერას კიდევ ერთი წარმომადგენელია.

ვალენსიელები, მანჩესტერელებისგან განსხვავებით თავიდანვე ევროპა ლიგაზე იყვნენ. ჯგუფურ ეტაპზე გადალახული იქნა თელ ავივის "მაკაბის", "სივასპორისა" და "ყარაბახის" ბარიერი. რაც შეეხება პლეი-ოფს: ლონდონის "არსენალი", კიევის "დინამო", "რედ ბულ ზალცბურგი" და ზაგრების "დინამო".

სავარაუდო შემადგენლობა და დანაკლისი

"იუნაიტედს" ტრავმის გამო დააკლდება სამი ფეხბურთელი - ჰარი მაგუაირი, ანტონი მარსიალი და ფილ ჯონსი. დაზარალებულთა სამეული ჰყავს "სუბმარინასაც": სამუელ ჩუკვუეზე, ვისენტე იბორა და ხუან ფოიტი. "ეშმაკუნებისა" და ესპანელების სავარაუდო 11-ეულები ასეთია:

მანჩესტერი - დე ხეა, ლინდელოფი, ტუანზებე, შოუ, უან-ბისაკა, მაქტომინაი, ფრედი, პოგბა, ბრუნო, რაშფორდი, კავანი

ვილიარეალი - რული, ალბიოლი, ტორესი, გასპარი, პედრასა, პარეხო, კაპუიე, ტრიგეროსი, გომესი, მორენო, ბაკა

ურთიერთშეხვედრები

ყველაზე საინტერესო გრაფა "იუნაიტედისა" და ვალენსიელების დაპირისპირებაში. თავად განსაჯეთ - ოთხი შეხვედრა, ოთხი ფრე, თანაც ყველა ანგარიშით 0:0. დიახ, "ეშმაკუნები" და "სუბმარინა" ერთმანეთს 360 წუთის მანძილზე გოლს ვერ უტანენ. იმედი გვაქვს, რომ დღეს, ნავსი გატყდება.

"მანკუნიანელები" და "ყვითელი წყალქვეშანავი" ორჯერ იყვნენ განთესილები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთად (2005/2006, 2008/2009). ინგლისელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია პირველი შემთხვევა, რადგან მანუელ პელეგრინის გუნდთან ქულების დაკარგვა სერ ალექს ფერგიუსონს ჯგუფში ჩარჩენად დაუჯდა.

ევროპა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგი

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს აქვთ აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. 2017 წელს, მათი მსვლელობა დასრულდა ჩემპიონობით, 1965 (ჯერ კიდევ ბაზრობათა თასი) და 2020 წლებში კი "მანჩესტერი" აღნიშნული ტურნირის 1/2 ფინალამდე მივიდა.

"ესტადიო დე ლა სერამიკას" ბინადრები არასდროს ყოფილან ევროპა ლიგის, უეფას თასისა და ბაზრობათა თასის გამარჯვებულებს შორის. თავისი საუკეთესო შედეგი "ვილიარეალმა" დააფიქსირა 2004, 2011 და 2016 წლებში, ამ ტურნირის 1/2 ფინალში გასვლით. როგორც ვხედავთ, ეს გუნდი თავის ისტორიას ახლა წერს.

Goal.ge-ს პროგნოზი

"იუნაიტედისა" და ვალენსიელების მოტივაცია განსხვავებულია. ინგლისელებს არაფერში სჭირდებათ ევროპა ლიგის თასის მოგება, როგორც ტრამპლინი ჩემპიონთა ლიგაში, რადგან ეს გუნდი ამ ტურნირზე ისედაც ითამაშებს. "ეშმაკუნებს" ამოძრავებთ პირადი მიზნები, იგივე სოლსკიაერს სამწვრთნელო კარიერაში ტიტული ჯერ არ მოუგია.

მოგებული თასების სიმრავლის დეფიციტს განიცდის "მანკუნიანელების" უმეტესობა. "ყვითელი წყალქვეშანავის" მთავარმა ბოცმანმა, უნაი ემერიმ კი თავის მხრივ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ამ ტურნირზე ტრიუმფი და ამასთან ერთად, ეს არის ამ გუნდისთვის პირველი ევროპული ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი.

"სუბმარინას" ამბიციების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ნორვეგიელი დამრიგებლის მოტივაცია და "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების კლასი, მოწინააღმდეგის ყველა ჩანაფიქრზე მაღლა დგას. პროგნოზი: სოლსკიაერის გუნდის ჩემპიონობა, თუნდაც დამატებითი დროისა და 11-მეტრიანების გამოყენებით.

"უმჯობესია მოგონებები დარჩეს იქ, სადაც არის", - ნევილი რონალდუს მანჩესტერში დაბრუნების წინააღმდეგია

ფორლანი: "კავანისთვის არ იქნება პრობლემა კეინის ან ჰოლანდის გვერდით თამაში"