პსჟ და ატლეტიკო ლაიპციგის უნივერსალური მცველისთვის იბრძოლებენ
„ლაიპციგის“ მარჯვენა მცველი, ნორდი მუკიელე, ორი ევროპული გრანდის ინტერესთა სფეროში მოექცა.
Goal.com გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ზაფხულს, 23 წლის ფეხბურთელის შეძენისთვის „პსჟ“ და მადრიდის „ატლეტიკო“ ინტერესდებიან.
საინტერესოა, რომ ფრანგი მუკიელე დაცვაში თავისი უნივერსალურობით გამოირჩევა - მას თამაში შეუძლია როგორც ფლანგზე, ისე ცენტრალურ მცველადაც.
პორტალი Transfermarkt მუკიელეს 30 მილიონ ევროდ აფასებს. „ლაიპციგში“ ის 2018 წელს გადავიდა, იქამდე კი სამშობლოშ, „მონპელიეს“ და „ლავალის“ ღირსებას იცავდა.
დასრულებულ სეზონში მუკიელემ ბუნდესლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც გაიტანა 3 გოლი, მიითვალა 1 საგოლე გადაცემა და ხუთჯერ იქნა გაფრთხილებული.
ბუნდესლიგაში „ლაიპციგმა“ მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ჩემპიონ მიუნხენის „ბაიერნს“ ჩამორჩა.
გაეცანით მუკიელეს შესაძლებლობებს ამ ვიდეოში: