იუვენტუსი და ატლეტიკო არგენტინულ გაცვლაზე საუბრობენ, სიმეონე უარზეა
„ატლეტიკო“ „იუვენტუსთან“ პაულო დიბალას ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ტურინულ გუნდში არგენტინელ შემტევს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს - წლიურად 7 მილიონი ევრო. გარდა ამისა, მომავალი სეზონის ბოლოს, დიბალა თავისუფალი აგენტი ხდება და „იუვეს“ მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს.
ამრიგად, „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა 27 წლის ფეხბურთელის გაცვლას ანხელ კორეაში ისურვებდა, რომელიც დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოში“ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარების წინააღმდეგი თავად ჩოლოა.
დიბალას ალვარო მორატაში გაცვლის ვარიანტი არ განიხილება - ესპანელი „იუვენტუსში“ იჯარით ასპარეზობს და სავარაუდოდ, მომავალ სეზონსაც ტურინში გაატარებს, თუმცა „ატლეტიკოს“ ამ ორი ტრანსფერის ერთმანეთში გარევა არ სურს და მორატაში მომავალ წელს მაინც, ფულის მიღება ურჩევნია.
კორეას სანაცვლოდ, „ატლეტიკო" ურუგვაელი როდრიგო ბენტანკურის მიღებას ისურვებდა, მაგრამ ამის წინააღმდეგი უკვე „იუვენტუსია".