ეს დღეც დადგა - გვარდიოლას პირველი ლიგა მესის გარეშე, თუ ტუხელის პირველი ხმაურიანი წარმატება ევროარენაზე?
როგორც იქნა ეს დღეც დადგა - დღე, როცა თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვიხილავთ და სამწუხაროდ, სეზონი 2020/21 ოფიციალურად დაიხურება.
სეზონის ბოლო მატჩში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში უკვე მესამედ, ინგლისური გუნდები დაუპირისპირდებიან. „მანჩესტერ სიტის“ და „ჩელსის“ ერთმანეთის წინააღმდეგ თავდაპირველად სტამბოლურ სტადიონ „ათათურქზე“ უნდა ეთამაშათ, თუმცა იმის გამო, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ თურქეთი „წითელ ზონაში“ შეიყვანა, მატჩი პორტუგალიაში გადაიტანეს.
„მანჩესტერ სიტი“ – „ჩელსი“
შაბათი, 29 მაისი, სტადიონი „დრაგაუ“, პორტუ (პორტუგალია), არბიტრი - ანტონიო მატეო ლაოსი. პირდაპირი ტრანსლაცია - სილქ უნივერსალი
სეზონი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და საკლუბო ფეხბურთს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის ფინალი დახურავს. წელს, ისტორიაში მესამედ, ერთმანეთში საქმეს ინგლისური გუნდები გაარკვევენ - ერთ-ერთი მათგანი უკვე გახდა პრემიერ ლიგის და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული, ახლა კი აქვს შანსი, თავის ისტორიაში პირველად აღმართოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. რა თქმა უნდა, საუბარი პეპ გვარდიოლას გუნდზეა.
სეზონის სტარტზე პეპ გვარდიოლას გუნდი საკმაოდ საშუალო შედეგებს აჩვენებდა. თუმცა, ესპანელმა სიტუაციის გამოსწორება იმდენად მოახერხა, რომ გუნდმა 21-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო და პრემიერ ლიგასა და მის გარეთ ქება და ქება დაიმსახურა. სულ მალე, მორიგი პრემიერ ლიგის მოგება უბრალოდ დროის ამბავი გახდა, მაგრამ ყველა კარგად ვხვდებით, რის გამო დაპატიჟეს გვარდიოლა „ეტიჰადზე“ 2016 წელს - ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის.
ჩემპიონთა ლიგაზე „სიტი“ საკმაოდ მარტივ ჯგუფში მოხვდა - „პორტუსთან“, „მარსელთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ კვარტეტში მანჩესტერულ გუნდს პირველი ადგილის დაკავება არ გასჭირვებია. შემდეგ, „სიტიმ“ უკან მოიტოვა ორივე „ბორუსია“ – დორტმუნდი და გლადბახი, ნახევარფინალში კი „პსჟ-ს“ არანაირი შანსი არ დაუტოვა.
„ჩელსიმ“, თავის მხრივ, სეზონის მსვლელობისას სამწვრთნელო შტაბის შეცვლა მოასწრო. დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო, იანვარში მთავარაი მწვრთნელის თანამდებობიდან კლუბის ლეგენდა, ფრენკ ლამპარდი მიაბრძანეს, მის შემცვლელად კი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი, თომას ტუხელი დაინიშნა, რომელიც „პსჟ-დან“ შუა სეზონში დაითხოვეს. ვინ იფიქრებდა, რომ ასე მოკლე მონაკვეთში ტუხელი სიტუაციის თავდაყირა დაყენებას მოახერხებდა და პირველივე სეზონში „ყურებიანი“ თასისთვის იბრძოლებდა.
ჯგუფური ეტაპი „პენსიონერებმა“ ჯერ კიდევ ლამპარდის დროს, პირველ ადგილზე დაასრულეს, მაგრამ პლეი-ოფში გულშემატკივარმა სრულიად განსხვავებული „ჩელსი“ იხილა - უფრო ორგანიზებული და საიმედო დაცვაში, მაგრამ ნაკლებად შედეგიანი. სწორედ სამმცველიან ტაქტიკაზე გადასვლა იქცა ყველაზე დიდ განსხვავებად ტუხელის და ლამპარდის „ჩელსისა“ - ტუხელის ამ სქემას ვერაფერი დაუპირისპირდეს „ატლეტიკომ“, „პორტუმ“ და მადრიდის „რეალმა“. რაც შეეხება პრემიერ ლიგას - გუნდი გაჭირვებით და ბოლოს ცოტა გამართლებთ, მაგრამ მეოთხე ადგილზე მაინც გავიდა.
რა თქმა უნდა, სეზონის დასკვნითი ეტაპი „ჩელსის“ არც ისე წარმატებული გამოუვიდა - აქ მოხდა ინგლისის თასის ფინალში „ლესტერთან“ მარცხიც, წარუმატებლობა „არსენალთან“ და წაგება „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონატის ბოლო ტურში, რომლის გამოც, გუნდი კინაღამ ოთხეულის გამო დარჩა - მადლობა „ტოტენჰემს“, პარალელურ შეხვედრაში, „ლესტერს“ მოუგო.
რაც შეეხება „ჩელსისა“ და „სიტის“ ბოლოდროინდელ ურთიერთშეხვედრებს - იანვრის შემდეგ, გუნდების გზები ორჯერ გადაიყარა და ორივეჯერ ტუხელი გამოვიდა გამარჯვებული - 1:0 თასზე, 1:0 ჩემპიონატში.
პოზიცია უეფას რეიტინგში:
„მანჩესტერ სიტი“: 3
„ჩელსი“: 12
გზა ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ (2020/21)
„მანჩესტერ სიტი“:
სტატისტიკა: 11 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება, გატანილი 25, გაშვებული 4
ჯგუფური ეტაპი: პირველი ადგილი ჯგუფში (პორტუ, ოლიმპიაკოსი, მარსელი)
1/8-ფინალი: გლადბახი (2:0, 2:0)
¼-ფინალი: დორტმუნდი (2:1, 2:1)
½-ფინალი: პსჟ (2:1, 2:0)
„ჩელსი“:
სტატისტიკა: 8 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი, გატანილი 22, გაშვებული 4
ჯგუფური ეტაპი: პირველი ადგილი ჯგუფში (სევილია, კრასნოდარი, რენი)
1/8-ფინალი: ატლეტიკო (1:0, 2:0)
¼-ფინალი: პორტუ (2:0, 0:1)
½-ფინალი: რეალი (1:1, 2:0)
საინტერესო ფაქტები:
გუნდებს შორის ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო 5 მატჩიდან 2 „სიტიმ“ მოიგო და 3 „ჩელსიმ“
„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩის მოგება მოახერხა
ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 მატჩში „ჩელსიმ“ სამზე ნაკლები გოლი გაიტანა
„მანჩესტერ სიტიმ“ ამ ტურნირზე ბოლო 7 მატჩში 2 ან მეტი გოლის გატანა მოახერხა
„ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 მატჩიდან 11-ში არ წაუგია
ეს ლიგის ისტორიაში მესამე ინგლისური ფინალი იქნება: მანჩესტერი 1-1 ჩელსი (6-5 პენალტებში) 2008, ლივერპული 2-0 ტოტენჰემი 2019.
სავარაუდო შემადგენლობები:
„მანჩესტერ სიტი“: ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, ზინჩენკო - ბერნარდუ სილვა, ფერნანდინიო, დე ბრუინი - მაჰრეზი, ჟესუსი, სტერლინგი
„ჩელსი“: მენდი - ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რუდიგერი - ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი - პულიშიჩი, ვერნერი, მაუნტი.