ავტორიზაცია

ხუთიდან ხუთი მოგება და ჩემპიონთა ლიგის საგზური - პრემიერ ლიგამ მაისის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ხუთიდან ხუთი მოგება და ჩემპიონთა ლიგის საგზური - პრემიერ ლიგამ მაისის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
თარიღი 29 მაი 2021, 20:00

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, პრემიერ ლიგის მაისის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მერსისაიდელებმა მაისის ხუთივე მატჩი მოიგეს და ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულეს. 

პრემიერ ლიგაში მუშაობის პერიოდში, კლოპი თვის საუკეთესო მწვრთნელად მეცხრედ დასახელდა და ამ მაჩვენებლით „მან.სიტის“ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გაუტოლდა.

მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს, არსენ ვენგერს და დევიდ მოიესს აქვთ ამ ტურნირის ისტორიაში ხსენებული ჯილდო მოგებული უფრო მეტჯერ.

კლოპის გარდა, მაისის საუკეთესოობისთვის შემდეგი მწვრთნელები იბრძოდნენ: 

მიკელ არტეტა (არსენალი) - მეთოფეებმა ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგეს და კონფერენც ლიგაზე გასვლისთვის ბოლომდე იბრძოლეს.

მარსელო ბიელსა (ლიდსი) - „ფარშევანგებმა“ მაისში 5 მატჩიდან 4 მოიგეს და პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, პირველივე სეზონში 59 ქულა დააგროვეს, რაც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგია.

დევიდ მოიესი (ვესტ ჰემი) - მასთან ერთად „ჩაქუჩებმა“ მე-6 პოზიცია დაიკავეს (გუნდის საუკეთესო შედეგი 1999 წლის შემდეგ) და ევროპა ლიგაზე გავიდნენ.