დი მატეოს ისტორია განმეორდა - ლონდონის ჩელსი 2020/21-სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! [VIDEO]
პორტუგალიაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, მაისონ მაუნტის პასით კაი ჰავერცმა გაიტანა და „ჩელსის“ საოცნებო ტიტული მოუტანა.
მეორე ნახევარში, როცა „სიტის“ გოლის გატანა სჭირდებოდა, „ჩელსიმ“ თავი წარმატებით დაიცვა და მეტოქეს არც ისე ბევრი საგოლე მომენტი მისცა. მეტიც, ლონდონელებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამრიგად, შუა სეზონში მოსულმა თომას ტუხელმა „ჩელსისთვის“ ისტორიაში მეორე, თავის კარიერაში კი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას - ის თავს სამწვრთნელო კარიერაში პირველად დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქამდე, მას ორიდან ორი მოგება ჰქონდა.
საინტერესოა, რომ „ჩელსისთვის" მეორე მოგებული ჩემპიონთა ლიგა რაღაცით პირველს ჰგავს - 2012 წელს გუნდმა მწვრთნელი შუა სეზონში შეიცვალა და მატეო დი მატეომ მაშინ გუნდს სენსაციურად ააწევინა ლიგის თასი - ამჯერად, ტუხელი გაცილებით სახელოვანი მწვრთნელის სახელით მოვიდა, მაგრამ ისეა თუ ასე, ისტორია განმეორდა - ორივე ლიგა „ჩელსიმ" შუა სეზონში მოსულ მწვრთნელთან ერთად მოიგო.