პრემიერ ლიგის გრანდი სერხიო რამოსს ორწლიან კონტრაქტს უმზადებს - ტრანსფერი შეუძლებელი სულაც არ არის
მადრიდის „რეალის“ მცველმა და კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ESPN-ს ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, „მანჩესტერ სიტის“ ყურადღება მიიპყრო. ტრანსფერით პირადად ხოსეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, რომელიც რამოსის გამოცდილებას და ლიდერულ თვისებებს ძალიან აფასებს.
„მან.სიტის“ სურს, რამოსს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გავრცელებული ინფორმაციით, სერხიო „რეალს“ ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და დიდი შანსია, გუნდი 30 ივნისს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან ასპარეზობს. 2020/21-სეზონში მცველმა 21 მატჩში 4 გოლი და 1 ასისტი მიითვალა და ძირითადად, ტრავმებს ებრძოდა.
ჩავარდნილი სეზონის გამო, რამოსი ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ მიყვება.