ოფიციალურად: სერხიო აგუერო ბარსელონას ფეხბურთელია
„ბარსელონამ“ არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
სერხიო აგუერომ „მანჩესტერ სიტი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს.
„ბლაუგრანასთან“ ლეო მესის თანამემამულემ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მისი წლიური ხელფასი დაახლოებით 5 მილიონი ევრო იქნება.
„ბარსას“ აგუერო უფასოდ ერგო, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელს „სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
„სიტიდან“ აგუერო თავისი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად წავიდა და პრემიერ ლიგაში ერთი გუნდის მაისურით გატანილი გოლების რეკორდიც დაამხო.
მთლიანობაში აგუერომ „სიტის“ მაისურით 390 მატჩში 260 გოლი და 73 საგოლე გადაცემა მიითვალა, უშუალოდ პრემიერ ლიგაში კი 275 მატჩში 184 გოლი და 55 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
არგენტინელს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება ზურგს უკვე უმაგრებს - „ატლეტიკოს“ მაისურით მან 230 მატჩი ჩაატარა და 100 გოლსა და 46 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.