ავტორიზაცია

ნაბიჯი წარსულში და ამავდროულად, უკან - რატომ არის ანჩელოტის რეალში დაბრუნება მადრიდული გუნდის დიდი შეცდომა?

ნაბიჯი წარსულში და ამავდროულად, უკან - რატომ არის ანჩელოტის რეალში დაბრუნება მადრიდული გუნდის დიდი შეცდომა?
თარიღი 02 ივნ 2021, 12:16

კარლო ანჩელოტი აღტაცებას იწვევს, მაგრამ „რეალში“ მისი დაპატიჟება - დიდი უცნაურობაა.

ზინედინ ზიდანი „რეალიდან“ უბრალოდ არ გადამდგარა. ყველაფერთან ერთად, მან გულშემატკივრებს დაუტოვა წერილი, რომელშიც თავისი გადაწყვეტილებები განმარტა - ამ წერილში, აშკარად შეინიშნება ხელმძღვანელობით უკმაყოფილება.

„პრივილეგიებს არა, უკეთეს მახსოვრობას ვითხოვდი - რომ ხალხს უფრო მეტად ეცა პატივი იმისთვის, რასაც ამ გუნდმა ბოლო წლებში მიაღწია. წაგებების შემდეგ, პრესიდან ვიგებდი, რომ გამიშვებენ, თუ შემდეგ მატჩს ვერ მოვიგებთ. ეს გულს მეც მტკენდა და მთელ გუნდსაც, იმიტომ რომ პრესაში ასეთი ინფორმაციების სპეციალურად ჩაშვება გაუგებრობას იწვევს. რა თქმა უნდა, არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, მაგრამ კარგად ვიცი, რა სჭირდება ამ გუნდს. შემიძლია ყველას - ფეხბურთელიდან პერსონალამდე, თავდაჯერება მივცე, რომელიც მათ საქმისთვის სჭირდებათ. ადამიანური ურთიერთობები საჭიროა, ყველაზე მნიშვნელოვანიც კია. მაგრამ, „რეალში“ ამას ვერ ხვდებოდნენ, რაღაც მხრივ ამის გამო მსაყვედურობდნენ კიდეც.“

მადრიდული კლუბის სხვა ლეგენდამ, ვისენტე დელ ბოსკემ - გახსნილად თქვა ის, რაზეც ყველამ იფიქრა: „ამ გზავნილს ქვეტექტსით უნდა შევხედოთ.“ - რეალურად, არცაა საჭირო. იმიტომ, რომ ყველაფერი ისედაც ზედაპირზე დევს.

ზიდანი ფიქრობს, რომ კლუბმა ის და მისი გუნდი ამ რთულ პერიოდში უნდა დაიცვას, ამის ნაცვლად კი ხელმძღვანელობა პრესის დახმარებით მხოლოდ ზეწოლას ზრდიდა. ზიდანმა ხაზი გაუსვა, რომ არ დაღლილა, უბრალოდ მიდის იმის გამო, რომ ნდობას ვერ გრძნობს. დიახ, ის არ ლაპარაკობს პირდაპირ პრეზიდენტზე, მაგრამ „რეალის“ გამორჩეულობაც სწორედ ამაშია - როცა ვინმე ხელმძღვანელობას ახსენებს, ყველა პირდაპირ ფლორენტინო პერესზე ფიქრობს. 

პერესმა ზიდანი ვერ შეინარჩუნა. მისი შემცვლელის ვინაობა კი იმიტომ არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ „რეალი“ არ არის იმ მდგომარეობაში, როცა ნებისმიერი პრობლემის ფულით მოგვარება შეიძლება. გამოცემა Sport-ს თუ დავუჯერებთ, კლუბის ვალი 900 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბს ფული არ აქვს, რევოლუცია კი აუცილებლობაა.

ვარანი, რამოსი, მოდრიჩი, კროოსი, ბენზემა - ძირითადი შემადგენლობის ნახევარი გუნდში უკვე ათ წელზე მეტია არ იცვლება. „რეალს“ სჭირდება ახალი ფეხბურთელები არა როტაციისთვის, არამედ ახალი ლიდერები. ანუ, ძვირადღირებული ფეხბურთელები, ან მწვრთნელი, რომელიც ამჟამინდელ ახალგაზრდობას ახალ დონეზე გაიყვანს. და აი, მწვრთნელი შერჩეულია.

ერთის მხრივ, კარლო ანჩელოტი - ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია იმათთაგან, ვინც დღეს მუშაობს. ის 20-ზე მეტი ტიტულის მფლობელია, რომელთა შორის არის სამი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სხვადასხვა ტოპ-ჩემპიონატები. France Football-მა ყველა დროის 100 საუკეთესო მწვრთნელის სიაში ანჩელოტი მე-18 ადგილზე დააყენა.

მეორე მხრივ კი - ანჩელოტი „რეალში“? სერიოზულად? ახლა? „ნაპოლიში“ და „ევერტონში“ წარუმატებელი გარჯის შემდეგ? ერთი წუთით დაფიქრდით: მან პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა. ამ ლიგის კონკურენტუნარიანობაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ „ევერტონი“ ევროთასების გარეშე არა გვარდიოლას, ტუხელის ან კლოპის გამო დარჩა. არამედ იმიტომ, რომ შინ წააგო, მაგალითად „ბარნლისთან“, „ფულემთან“, „ნიუკასლთან“ და „შეფილდთან“. ასევე იმიტომ, რომ სეზონის ბოლო 12 ტურში მხოლოდ სამი გამარჯვება მოიპოვა და 13 ქულა დააგროვა. სეზონის სტარტზე, გუნდი ერთი პერიოდი პირველ ადგილზეც იყო და ჩემპიონთა ლიგაზე აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ ჩავარდნა მოხდა. ეს და კაცი მოდის „რეალში“?

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ანჩელოტი - მშენებელი არ არის. ის ფეხბურთელების საუკეთესო თვისებებს ერგება და გასახდელში ჰარმონიულ ურთიერთობებს აყალიბებს. ამის ხარჯზე იმარჯვებდნენ მისი გუნდები - ამას ემატებოდა ასევე ინდივიდუალური ოსტატობაც. შეგვიძლია, ყველაფერი „ევერტონის“ ფეხბურთელების დაბალ დონეს გადავაბრალოთ, მაგრამ აქვე გვხვდება გუნდის მეკარის, ჯორდან პიკფორდის სიტყვები: „თავი ვერ წარმოვაჩინეთ, როგორც გუნდმა, საქმისადმი სწორი მიდგომა დაგვაკლდა. უფრო სუსტი გუნდებიც გვამარცხებდნენ, ისინიც კი, ვინც უკვე გავარდა. ისინი უბრალოდ უფრო დიდი სურვილის გამო გვიგებდნენ.“ ასეთ რაღაცას გუნდის ფეხბურთელისგან იშვიათად თუ მოისმენ. გარდა ამისა, ეს სიტყვები კარლო ანჩელოტის მთავარ ღირსებასაც ეჭვქვეშ აყენებს: გუნდის გაერთიანებას. შეიმუს კოულმანმა, სეზონის მეორე ნახევარში, პრესასთან ასევე აღიარა, რომ გუნდს ერთიანობა დააკლდა.

რა გამოდის? საუკეთესო შემთხვევაში, ანუ თუ ანჩელოტი „რეალში“ იმუშავებს ისევე ეფექტურად, როგორც კარეირის პიკზე - ის მაქსიმუმ გუნდის ამჟამინდელ დონეს შეინარჩუნებს, მაგრამ უფრო ზემოთ ვერ აწევს. ზიდანი - იგივე მიმართულების მწვრთნელია, რომელიც აშენებს ურთიერთობას ფეხბურთელებთან, ტაქტიკას კი სიტუაციურად ირჩევს, გამომდინარე იქიდან, ვინ როგორ ფორმაშია. მას არ აქვს გამოკვეთილი სისტემა - ამ მიმართულებით, ზიზუმ მაქსიმუმს უკვე მიაღწია - შესაძლოა, მისი შედეგების ამ დონეზე შენარჩუნებაც კი რთული იქნება, გაუმჯობესებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

რევოლუცია ისევ გადაიდება. გუნდის უცვლელი, ვეტერანული ბირთვი ისევ შენარჩუნდება და გუნდის ძირითად დონეს განაპირობებს. სხვათაშორის, ეს ცოტა არ იყოს წააგავს ანჩელოტის „მილანს“, რომელიც ნელ-ნელა ბერდებოდა, თმობდა პოზიციებს და განახლებისთვის საჭირო დრო ხელიდან გაუშვა. ასეთ შემთხვევაში, ლა ლიგის ჩემპიონობა ისევ დამოკიდებული იქნება „ბარსელონას“ პრობლემებზე: თუ ისინი შენარჩუნდება, გუნდი იბრძოლებს, მაგრამ თუ კატალონიელები ჩვეულ, 90-ქულიან გრაფიკზე გავლენ, ბრძოლა არ შედგება. სხვათაშორის, ანჩელოტი კარიერის პიკზეც კი არ იყო ჩემპიონატისთვის იდეალური მწვრთნელი.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ანუ თუ ანჩელოტიმ თავისი მომხიბვლელი მაგია დაკარგა, რომლითაც ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს იღებდა, მაშინ „რეალს“ ამჟამინდელზე ცუდი სეზონი ელის. იმიტომ, რომ ჩვენ ვერ დაველოდებით ანჩელოტისგან ტაქტიკის ოსტატობას, რომელიც, მაგალითად, ამჟამინდელი შემადგენლობის სისუსტეებს გადაფარავს - ის ამას არასდროს (ვერასდროს) აკეთებდა.

ნამდვილად კარგი სიახლეა ის, რომ „რეალის“ სამწვრთნელო შტაბში ბრუნდება სხვა ადამიანი. ანტონიო პინტუსი - ფიზმომზადების მწვრთნელი, რომელიც გუნდს „ინტერიდან“ დაუბრუნდა. ის, რომ მადრიდელებმა თავიანთ ისტორიაში ყველაზე ცუდი პერიოდი (60+ ტრავმა ერთ სეზონში) სწორედ მის გარეშე გადაიტანეს - დამთხვევა არ არის. მისი მოსვლით, შეგვიძლია არ ვიღელვოთ იმაზე, რომ გუნდი სირბილს დაანებებს თავს. მისმა მეთოდებმა ანჩელოტის ზედმეტად ლიბერალური ვარჯიშები უნდა გაანეიტრალოს. ეს ნამდვილად დამაიმედებელი სიახლეა, მაგრამ პინტუსი არანაკლებად ეფექტური იქნებოდა სხვა მწვრთნელთანაც, რომელსაც თავისი სისტემის აშენება შეუძლია.

იმ ყველაფრის ფონზე, რაც ზემოთ ითქვა, მკვეთრად არის შესაძლებელი მისი დანიშვნის რეალური მოლოდინის ფორმულირებაც. პირველ (და მთავარ) რიგში - არ უნდა იქნეს დაშვებული ზედმეტი დაცემა, გადაბერებული შემადგენლობისა და უფულობის ფონზე. მეორე რიგში - ეს უფრო მისტიური ისტორიაა, ვიდრე რაციონალური - ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტია და ეს, რაღა თქმა უნდა, პერესსაც კარგად ახსოვს. გათვლა „იქნებ გამოვიდეს“ ცოტა უცნაურად ჟრერს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტურნირს ბოლო წლებში ლოგიკა ზოგადად არ გააჩნია.

რა თქმა უნდა, პერესმა იცის რაღაც „რეალის“ მდგომარეობაზე, რაც არ ვიცით ჩვენ. მას ამბიციების ნაკლებობაში ვერასდროს დავადანაშაულებდით. შესაძლოა, ანჩელოტის კალიბრის მწვრთნელი არის ერთადერთი, რის უფლებასაც ახლა „რეალი“ საკუთარ თავს მისცემს. მაგრამ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში საკამათო არჩევანია. თუნდაც ამ დანიშვნამ გაამართლოს, ეს მაინც დროებითი და ერთჯერადი შემთხვევა იქნება და არა რაღაც ახლის შენების პროცესი. სხვა შემთხვევაში კი - უბრალოდ უკანგადადგმული ნაბიჯია.