"დეშამს მივწერე, მაგრამ ალბათ ნომერი შეცვალა", - ლაპორტმა ესპანეთის ნაკრებში დებიუტზე ისაუბრა
„მანჩესტერ სიტის“ მცველმა, აიმერიკ ლაპორტმა, ესპანეთის ნაკრებში შემდგარ დებიუტზე ისაუბრა.
წარმოშობით ფრანგ მცველს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი პორტუგალიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. ლაპორტს საფრანგეთის ნაკრებში არ იძახებდნენ, მან ესპანეთის მოქალაქეობა აიღო და „ფურია როხას“ მაისურითაც ითამაშა.
„თავს კარგად ვგრძნობ, გუშინ მოედანი უფრო ადრე გადაღლილობის გამო დავტოვე, მცირე გადატვირთვა ვიგრძენი. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებას, ყველა ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე სურს თამაში, ეს არის და ეს.
აქ ნამდვილად ბედნიერი ვარ. მიხარია რომ ესპანეთის ნაკრების განკარგულებაში ვარ. აქ იმიტომ ვარ, რომ ასეც მინდოდა. კმაყოფილი ვარ საკუთარი ნაბიჯით და თანაგუნდელებთან მუშაობით სიამოვნებას ვიღებ. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. მესიჯი დეშამს? მას მივწერე, მაგრამ ალბათ, მან ნომერი შეცვალა.
მესმის, რომ ახლა უფრო ყურადღებით დამაკვირდებიან. ეს ფეხბურთია, აქ სულ ასეა და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. კოლეგები მეხმარებიან, ნაკრებში საუცხოოდ მიმიღეს. რაც შეეხება ევრო 2020-ს ფავორიტს, ყველას საკუთარი აზრი გააჩნია. ვიცი, რომ ტიტულისთვის ესპანეთის და საფრანგეთის გარდა, სხვა ნაკრებებიც იბრძოლებენ. იმედია, ჩვენ მოვიგებთ, საამისოდ ყველაფერი გვაქვს.“ - ციტირებს ლაპორტის სიტყვებს Mundo Deportivo.