ავტორიზაცია

ნამდვილად შეშლილი სატრანსფერო ისტორია, ანუ ის, თუ როგორ წაართვა პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას ვეინალდუმი

ნამდვილად შეშლილი სატრანსფერო ისტორია, ანუ ის, თუ როგორ წაართვა პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონას ვეინალდუმი
თარიღი 06 Jun 2021, 13:59

ჰოლანდიელი ჯორჯინიო ვეინალდუმი ნამდვილად შეშლილი სატრანსფერო ისტორიის მონაწილე გახდა.

„ბარსელონამ“ ჯინისთან 3-წლიანი კონტრაქტი ორი კვირის წინ შეათანხმა, მხარეებმა სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და ჰოლანდიელს საბუთებზე ხელი რამდენიმე დღეში უნდა მოეწერა.

„ბარსას“ ხელმძღვანელობა გეგმავდა, რომ ფეხბურთელისთვის სამედიცინო შემოწმება ჰოლანდიის ნაკრების განკარგულებაშივე ჩაეტარებინათ და მისი ტრანსფერი მომავალი კვირის დასაწყისში დაედასტურებინათ.

თუმცა, ბოლო მომენტში, ანუ ამ სამი დღის მანძილზე, ვეინალდუმისთვის ბრძოლაში „პსჟ“ ჩაერთო, რომელმაც ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ შედარებით ორმაგი ხელფასი შესთავაზა და იმავე ხანგრძლივობის, ანუ 3-წლიანი კონტრაქტი.

ვეინალდუმი „ბარსაში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა კონდიციები შეიცვალა და მან „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა გადაწყვიტა. 

კატალონიურ გრანდს ჰქონდა დრო იმისთვის, რომ ფეხბურთელისთვის შეთავაზება და ხელფასი გაეზარდა, მაგრამ ამის გაკეთება არ მოისურვა და ამრიგად, ჰოლანდიელი ჯორჯინიო ვეინალდუმი ფრანგულ გრანდს შეუერთდება.

ცნობისთვის, თავისუფალ აგენტ ფეხბურთელებს აზრის შეცვლა კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე შეუძლიათ - ამრიგად, ის, რაც ვეინალდუმმა გააკეთა, სრულიად ლეგალურია.