ავტორიზაცია

ჯუღელი: "იწერებოდა ლიდსზე, მაგრამ ტყუილია, ხვიჩა მარტო ტოპ-კლუბში წავა"

ჯუღელი: "იწერებოდა ლიდსზე, მაგრამ ტყუილია, ხვიჩა მარტო ტოპ-კლუბში წავა"
თარიღი 06 Jun 2021, 15:22

საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, „იმედზე“ საუბრისას, ფეხბურთელის მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენენ იტალიური, ინგლისური და გერმანული კლუბები. როგორც იცით, ევროპაში სეზონი ახლა დამთავრდა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „რუბინი“ ყველანაირად ცდილობს, რომ კვარაცხელია სერიოზულ გუნდში მოხვდეს. მას ყველა ხელს უწყობს - დაწყებული სლუცკით და დამთავრებული პრეზიდენტით.

ლიცენზიები გაცემულია, ინგლისის მხრიდან ერთი ჯგუფი მუშაობს, იტალიიდან მეორე და გერმანიიდან კიდე მესამე. ყოველდღიურად რაღაც იცვლება, მაგრამ ჯერჯერობით და ამ წუთას, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. მინდა, რომ ხვიჩა ტოპ-კლუბში გადავიდეს - საუკეთესოში, რადგან ის დიდი ფეხბურთისთვის უკვე მზადაა.

იწერება, რომ კვარაცხელია ინგლისურ „ლიდსში“ გადადის, რაც ტყუილია. თავად ხვიჩამაც კი არ იცის, რა და როგორ ხდება ისე კარგად, როგორც მე. კვარაცხელიასთვის ტოპ-კლუბს მე ვარჩევ. ამჟამად, მოწინავე პოზიციაში იტალიელები და ინგლისელები არიან. თუმცა, ორივე თანაბრად.

„ლიდსის“ წარმომადგენელთან საუბარი მქონდა, თუმცა ყველაფერი საუბრის დონეზე დარჩა. სხვა ინგლისურ გუნდებსაც ვესაუბრე, ასევე იტალიელებსაც. თუმცა, ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების პროცესი. ერთი ვიცი - კვარაცხელია „რუბინიდან“ მხოლოდ ტოპ-კლუბში წავა. არის თუ არა შანსი „რუბინში“ დარჩენის? დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არამგონია, რომ ხვიჩა იქ დარჩეს.

მას მე ბავშვობიდან ვიცნობ. საქართველოს ბევრი ტალანტი ჰყოლია, მაგრამ ასეთი ჩამოყალიბებული პროფესიონალი არავინ მინახავს.

15 ივნისს, კვარაცხენია ყაზანში უნდა ჩავიდეს. გუნდი იკრიბება და ვარჯიშს იწყებს. მგონია, რომ 15 ივნისიდან 15 ივლისამდე ყველაფერი გადაწყდება. ვიცი, რომ მთელი საქართველო მას გულშემატკივრობს, პირველ რიგში მეც, მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ ტრანსფერს კიდევ მინიმუმ ერთი თვე მაინც დასჭირდება.

მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გამორიცხულია უბრალოდ ევროპაში, საშუალო დონის გუნდში წასვლა. ხვიჩა წავა მხოლოდ ტოპ-გუნდში.“ - აღნიშნა ჯუღელმა.