ავტორიზაცია

ჰოლანდიასთან 3 უპასუხო გოლი გავუშვით - საქართველო სტუმრად უძლიერეს მეტოქესთან დამარცხდა

ჰოლანდიასთან 3 უპასუხო გოლი გავუშვით - საქართველო სტუმრად უძლიერეს მეტოქესთან დამარცხდა
თარიღი 06 Jun 2021, 21:58

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე თვეში მეორე ტესტმატჩი ჰოლანდიასთან გამართა და დამარცხდა.

შეხვედრა ენსხედეში, "ტვენტეს" საშინაო სტადიონ "გროლს ვესტეზე" შედგა და ნიდერლანდების გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

ანგარიში მე-10 წუთზევე გაიხსნა - ლაშა დვალმა პენალტი აიკიდა, რომელიც ზუსტად მემფის დეპაიმ შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა.

ამის შემდეგ, ორივე კართან შეიქმნა მომენტები, თუმცა პირველ ნახევარში გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმი კვლავ ჰოლანდიელთა უპირატესობით დაიწყო და 55-ე წუთზე მეორე ბურთიც გავუშვით - თავი "ვოლფსბურგის" თავდამსხმელმა, ვაუტ ვეგჰორსტმა გამოიჩინა.

საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე "აიაქსის" ნახევარმცველმა, რაიან გრავენბერხმა დააფიქსირა, რომელმაც გიორგი ლორიას კარი თავური დარტყმით აიღო.

ამით ვილი სანიოლის გუნდის შეკრება დასრულდა, ჰოლანდიელები კი 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან, სადაც C ჯგუფში მათი მეტოქეები ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა იქნებიან.

მოგეხსენებათ, პირველი ტესტმატჩი საქართველომ რუმინეთთან სტუმრად გამართა და ანგარიშით 2:1 მოიგო.