ავტორიზაცია

მანჩესტერი იმედს არ კარგავს, პოგბას კი სხვა მიზნები აქვს?!

მანჩესტერი იმედს არ კარგავს, პოგბას კი სხვა მიზნები აქვს?!
თარიღი 08 ივნ 2021, 20:21

„მანჩესტერ იუნაიტედს“ გუნდის ნახევარმცველ პოლ პოგბასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, რომელიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი ხდება.

ESPN-ის ინფორმაციით, კლუბი იმედს ინარჩუნებს, რომ ფრანგი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება, მიუხედავად მისი აგენტის, მინო რაიოლას სიტყვებისა, რომელმაც დასძინა, რომ პოგბა ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ღელავს, რომ ფრანგმა შესაძლოა მოლაპარაკებები შეგნებულად გააჭიანუროს, რათა სხვა კლუბებისგან უფრო სარფიან სემოთავაზებებს დაელოდოს. თავის მხრივ, ბუნებრივია, რომ „იუნაიტედს“ თავისი სარეკორდო შენაძენის უფასოდ დაკარგვა არ სურს.

ESPN, პოგბას ახლო წრეზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამად, ფეხბურთელს არცერთი ევროპული გრანდი არ დაკავშირებია. გარკვეულ ეჭვებს იწვევს ის, თუ რამდენად მოახერხებენ პირობით „ბარსელონა“, „რეალი“ ან „იუვენტუსი“ ფრანგის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

პოგბას მთავარი მიზანი ტიტულებისთვის ბრძოლაა, „იუნაიტედში“ ჩატარებულ 5 სეზონში კი მან მხოლოდ ინგლისის ლიგის თასი და ევროპა ლიგა მოიგო.

გასულ სეზონში პოგბამ პრემიერ ლიგის 26 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.