ავტორიზაცია

ვინ შეიძლება გაყიდოს ბარსელონამ იმისთვის, რომ გუნდში მსოფლიო დონის თავდამსხმელი მიიყვანოს?

ვინ შეიძლება გაყიდოს ბარსელონამ იმისთვის, რომ გუნდში მსოფლიო დონის თავდამსხმელი მიიყვანოს?
თარიღი 08 Jun 2021, 22:15

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, „ბარსელონა“ ცენტრფორვარდის ძიებაში იმყოფება, რომელიც გუნდის შეტევას გააძლიერებს, სერხიო აგუეროს უფასო ტრანსფერთან ერთად.

ხმაურიანი ტრანსფერის გასაჩარხად, „ბარსელონას“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს იმისთვის, რომ ერლინგ ჰოლანდის ან ლაუტარო მარტინესის დონის ტრანსფერზე შეძლოს პრეტენზიის გამოცხადება.

წინა სეზონი გუნდმა მხოლოდ 1 სუფთა ფორვარდით დაასრულა

მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი „ატლეტიკოში“ გაუშვეს, რონალდ კუმანის გუნდი მხოლოდ ერთი სუფთა ცხრიანით დარჩა - მარტინ ბრაიტვეიტით.

ჰოლანდიელი სპეციალისტი ამ ხვრელის ამოვსებას ლეო მესით, ანტუან გრიზმანით ან ზოგჯერ უსმან დემბელეს წინ წაწევით ცდილობდა, მაგრამ სუფთა ცხრიანის ნაკლებობა გუნდს განსაკუთრებით დაბალი დაცვის ბლოკის მქონე გუნდებთან დაეტყო, სადაც პოზიციურ შეტევებში საჯარიმოში ცხრიანის ყოლა აუცილებელი იყო.

ეჭვგარეშეა, რომ არაერთი ტოპ-კლუბის მსგავსად, „ბარსას“ მთავარი სამიზნეც ერლინგ ჰოლანდია, თუმცა „ბორუსია დორტმუნდი“ თავისი მთავარი ვარსკვლავის ამ ზაფხულს გაყიდვას არ აპირებს და თუ გადაწყვეტს, მხოლოდ უზარმაზარი თანხის სანაცვლოდ.

ამჟამად, პრესაში ისმის 180 მილიონი ევრო - თანხა, რომლის გადახდაც „ბარსელონას“ ძალიან გაუჭირდება, თუ უახლოეს პერიოდში ფეხბურთელების აქტიურ გაყიდვაზე არ გადავა.

გასული ზაფხულის შემდეგ, „ბარსას“ რადარზეა მოხვედრილი ლეო მესის კიდევ ერთი თანამემამულე, ლაუტარო მარტინესი, რომლის შეძენაც გუნდმა შარშანაც ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხა.

„ბარსელონაში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ეს ტრანსფერი ლეო მესისთან ერთადაც განვიხილე, მაგრამ მათ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და დარჩენა გადავწყვიტე.“ - აღნიშნა ლაუტარომ ჯერ კიდევ მაისში.

ფეხბურთელები, რომლებიც ბარსამ შესაძლოა ახალ ტრანსფერებს შესწიროს

გამომდინარე იქიდან, რომ ჰოლანდიც და ლაუტაროც საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა, „ბარსას“ ერთ ან ორ ფეხბურთელზე მეტის გაყიდვა მოუწევს.

„ბლაუგრანას“ ტრანსფერშე შესაძლოა ანტუან გრიზმანის და უსმან დემბელეს დაყენებაც მოუწიოს, ვერცერთმა ფრანგმა გუნდში გადასვლის შემდეგ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

ამავდროულად, წასვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კანდიდატი ფილიპე კოუტინიოა, რომლითაც პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება.

„კამპ ნოუზე“ დარჩენა არ აქვთ გარანტირებული ფრანსისკუ ტრინკაუს, ნეტუს, სამუელ უმტიტის, ჯუნიორ ფირპოს და მირალემ პიანიჩსაც. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ამ ფეხბურთელის სარფიანად გაყიდვა იქნება შესაძლებელი.