ავტორიზაცია

არანაირი გაცვლა, ტოტენჰემის პრეზიდენტს კეინის მსურველებთან მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს

არანაირი გაცვლა, ტოტენჰემის პრეზიდენტს კეინის მსურველებთან მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს
თარიღი 08 ივნ 2021, 22:38

ჰარი კეინმა „ტოტენჰემიდან“ წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა გუნდის პრეზიდენტმა საკითხი ძალიან კატეგორიულად დააყენა: ან რომელიმე კლუბი ამ ზაფხულს 150 მილიონ ევროს გადაიხდის, ან ინგლისელი „დეზებში“ დარჩება.

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, დანიელ ლევიმ კეინის ტრანსფერში პოტენციურად რომელიმე ფეხბურთელის ჩართვის საკითხი წინასწარვე გამორიცხა: მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს - ფული!

ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერდა, რომ „სიტი“ „ტოტენჰემისთვის“ რაჰიმ სტერლინგის, გაბრიელ ჟესუსის და 60 მილიონი ევროს შეთავაზებას უპირებდა კეინის სანაცვლოდ, რაც არც თუ ისე ცუდი გარიგება უნდა ყოფილიყო. თუმცა, მხოლოდ „სიტისთვის“.

ჯერ ერთი, სტერლინგის ხელფასი კვირაში 300 ათასი ფუნტია, რასაც „ტოტენჰემი“ ვერ გადაუხდის - მერე მეორე, არც სტერლინგი და არც ჟესუსი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტიდან, კონფერენც ლიგაში მოთამაშე გუნდში გადასვლას არ მოისურვებდნენ.

კეინის წარმომადგენლებს „მან.იუნაიტედი“ და „ჩელსიც“ დაუკავშრდნენ, მაგრამ ოფიციალურ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა, ლევი თავს ძლიერად იმიტომ გრძნობს, რომ ჰარის მასთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

ალბათ, „ტოტენჰემის“ ინტერესებშიც შედის, რომ ფორმალური მოლაპარაკებები ევრო 2020-ს დაწყებამდე არ წამოიწყოს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ კეინმა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, მისი საფასური კიდევ უფრო ცაში ავარდება.