ბარსელონაში პიკეს და ლაპორტას შეხვედრა შედგა - მცველი მზადაა გუნდს გაჭირვებაში ფინანსურად გვერდში დაუდგეს
„ბარსელონას“ მცველი, ჟერარ პიკე, მზად არის ხელფასის დაკლებას დათანხმდეს.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, 34 წლის ესპანელი მცველი გუნდის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას შეხვდა. „ბარსას“ ხელმძღვანელს სურდა, ვეტერანის მოსაზრება მოესმინა გუნდის მიერ ჩატარებულ წინა სეზონის ბოლო პერიოდზე, რომელიც ნაკლებად წარმატებული გამოვიდა.
თუმცა, ამ შეხვედრაზე პიკემ და ლაპორტამ ფეხბურთელის მომავალიც განიხილეს. ჟერარმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელფასიც კი დაიკლოს იმისთვის, რომ გუნდს რთულ ფინანსურ მდგომარეობაში დახმარების ხელი გაუწიოს.
გამოცემის თანახმად, პიკე მზადაა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს, სადაც მისი ხელფასი ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. მოქმედი ხელშეკრულებით, ესპანელი გუნდთან 2024 წლამდეა დაკავშირებული.
დასრულებულ სეზონში, პიკემ სერიოზული ტრავმა მიიღო, რომლის გამოც ლა ლიგაში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა.