ავტორიზაცია

სერხიო რამოსი VS ფლორენტინო პერესი - ვინ დარეკავს პირველი?

სერხიო რამოსი VS ფლორენტინო პერესი - ვინ დარეკავს პირველი?
თარიღი 09 ივნ 2021, 17:07

ფეხბურთელი უკან დახევას და დათანხმებას აპირებს.

წლის მეექვსე თვე მიდის, სერხიო რამოსის კონტრაქტის სიტუაცია კი ადგილიდანაც არ დაძრულა. კვირიდან კვირამდე, მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობს, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმას კაპიტანი აპირებს - მას „რეალში“ დარჩენა სურს.

კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტის ერთწლიანი გახანგრძლივება შესთავაზა, ხელფასის 10% დაკლებით, რაზეც უარი მიიღო. რამოსს მინიმუმ 2-წლიანი კონტრაქტი სურს. თუმცა, „რეალში“ ეს ასე არ მუშაობს - კლუბი 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კონტრაქტს მხოლოდ ერთი წლით უხანგრძლივებს. მხარეების სურვილებს შორის სხვაოვა დიდი იყო, თუმცა პირველი დათმობაზე რამოსი მიდის, რომელიც მზადაა, „ბლანკოსთან“ 12-თვიანი ხელშეკრულება დადოს.

როგორც ესპანური პრესა წერს, შეთავაზება, რომელიც „რეალმა“ რამოსს გაუკეთა, ძალაში არ არის. მაგრამ, მისთვის, როგორც კაპიტნისთვის, ის ხელმისაწვდომი იქნება, თუ ფეხბურთელი მოისურვებს და პრეზიდენტს ამის შესახებ პირადად შეატყობინებს. ასეთ შემთხვევაში, სერხიო „რეალთან“ ზუსტად ისეთ კონტრაქტს გააფორმებს, როგორიც, რამდენიმე კვირის წინ, ლუკა მოდრიჩმა შეათანხმა - ერთწლიანი გახანგრძლივება და ხელფასის 10% დაკლება.

იმ შემთხვევაში, თუ რამოსი წავა, მისი პოზიცია ამოსავსები იქნება - კარლო ანჩელოტის ახალწვეული დავიდ ალაბას ხილვა მოედნის ცენტრში სურს და არა ცენტრალურ მცველად, შესაბასად კლუბს ეს პრობლემა აღმოსაფხვრელი იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ მოსაგვარებელია რაფაელ ვარანის და ნაჩო ფერნანდესის კონტრაქტებიც - ორივე კლუბთან ხელშეკრულებით 2022 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული და შესაძლოა, მომავალ ზაფხულს გუნდიდან სრულიად უფასოდ წავიდნენ.

თუ Marca-ს დავუჯერებთ, „რეალმა“ ვარანს კონტრაქტის გახანგრძლივების ხელშეკრულება რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნა, რომელზეც ფეხბურთელს ჯერ პასუხი არ გაუცია. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალების მოსინჯვა სხვა ჩემპიონატში სურს.