იუვენტუსი გოლკიპერს ეძებს - ვინ უნდა დაიმატოს გუნდმა ბუფონის შემცვლელად?
ამ ზაფხულს, „იუვენტუსში“ ძალიან სახეშეცვლილი მოგვევლინება.
ჯანლუიჯი ბუფონი ტურინულ გუნდს უკვე დაემშვიდობა, მაგრამ ეჭვებს იწვევს „იუვეში“ პოლონელი ვოიცეხ შესნის მომავალიც.
შესნი ტურინში ბოლო წლებია უცვლელად იკავებს სასტარტოში ადგილს, მაგრამ ფეხბურთელმა თავის მომავალზე საუბრისას ცეცხლში ნავთი თავად დაამატა, როცა დასძინა, რომ არ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება და ჯერ კლუბთან არ უსაუბრია.
შესნისაც რომ თავი დავანებოთ, „იუვენტუსს“ ბუფონის შემცვლელი მაინც მოსაძიებელი ჰყავს. ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას უდიდესი ალბათობით „პსჟ-ში“ გააგრძელებს, Tuttosport-მა კი „იუვესთვის“ რამდენიმე ხელსაყრელი ვარიანტი შეარჩია.
მატია პერინი
28 წლის გოლკიპერი დღემდე „იუვეს“ საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი იჯარით „ჯენოაში“ გაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ მას კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი, „იუვეს“ მისი გაყიდვა ურჩევნია.
ემილ აუდერო
„სამპდორიას“ გოლკიპერი აუდერო „იუვესთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტია, რადგან მას ტურინული წარსული აქვს - წარსულში „ბებერი ქალბატონის“ აკადემიაში ირიცხებოდა.
24 წლის ფეხბურთელისთვის „იუვეში“ დაბრუნება ურიგო არ იქნებოდა, რადგან ის გუნდის აღზრდილად მოიაზრება. თუმცა, პრობლემას მისი ფასი წარმოადგენს - სარეზერვო გოლკიპერში „იუვენტუსი“ ბევრს ვერ გადაიხდის.
ალესიო კრანიო
კრანიოს შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა - ის „კალიარის“ სასტარტო შემადგენლობის წევრია და მხოლოდ 26 წლისაა. მეტიც, მას გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად მისი ტრანსფერი იაფი ვერ დაჯდება.
დავიდ ოსპინა
როგორც იწერება, „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, საკუთარ გუნდში ოსპინას ხილვა არ სურს, რის გამოც კოლუმბიელი თავისთვის ახალ გუნდს ეძებს.
ის გუნდში გამოცდილებას მოიტანდა და რეზერვისტის როლსაც დათანხმდებოდა. თუმცა, „იუვეს“ გარდა ფეხბურთელს სხვა შემოთავაზებებიც ექნება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მაინც და მაინც „იუვენტუსში“ სკამის გოლკიპერის როლს დათანხმდება.