კინსლი კომანი მადას არ უჩივის - ფრანგი შემტევი ბაიერნისგან ლევანდოვსკისნაირ ხელფასს ითხოვს
კინსლი კომანს „ბაიერნში“ დარჩენისთვის საკუთარი მოთხოვნები გააჩნია.
თუ ესპანურ გამოცემა Marca-ს დავუჯერებთ, ფრანგმა შემტევმა „ბაიერნისგან“ იგივე ხელფასი მოითხოვა, რასაც გუნდში ამჟამად რობერტ ლევანდოვსკი იღებს, კერძოდ წლიურად 12 მილიონი ევრო.
კომანს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მას გასული სეზონი კარიერაში საუკეთესო ჰქონდა - 30 მატჩში მან 5 გოლის გატანა მოახერხა და თავის კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე ფიქრსაც შეუდგა.
თუმცა, შეთანხმება მარტივი არ იქნება - როგორც ზემოთხსენებული წყარო გერმანულ SportBILD-ზე დაყრდნობით წერს, კომანის აგენტები „ბაიერნისგან“ რობერტ ლევანდოვსკის ხელფასის გამეორებას ითხოვენ. ბუნებრივია, რომ კლუბი მისი სურვილის დაკმაყოფილებას არ აპირებს.
ამ ეტაპზე, „რეკორდმაისტერი“ კომანის გაყიდვას არ აპირებს, თუ რომელიმე კლუბმა სუპერშემოთავაზებით არ მიმართა. ფეხბურთელი იულიან ნაგელსმანის გეგმებში შედის და მომავალ სეზონში, მნიშვნელოვანი როლიც დაეკისრება.