ავტორიზაცია

სამედიცინო შემოწმებაც დაიგეგმა! დონარუმას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია

სამედიცინო შემოწმებაც დაიგეგმა! დონარუმას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურულია
თარიღი 12 ივნ 2021, 18:41

„მილანის“ და იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, უახლოეს პერიოდში „პსჟ-ს“ ფეხბურთელი გახდება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დონარუმა სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირას გაივლის, ევრო 2020-ზე იტალიისა და შვეიცარიის მატჩის შემდეგ, რომელიც 16 ივნისს გაიმართება.

იტალიელი პარიზულ გრანდთან კონტრაქტს 2026 წლის ივნისამდე გააფორმებს. მხარეებს ტრანსფერი პრაქტიკულად დახურული აქვთ.

დონარუმა 21 წლის ასაკის მიუხედავად იტალიის ნაკრების ძირითადი მეკარეა, მას „მილანთან“ კონტრაქტი ეწურება და პარიზში უფასოდ გადადის. 

მისით „პსჟ-ს“ გარდა „ბარსელონა“, „იუვენტუსი“,„ რომა“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემიც“ ინტერესდებოდნენ.

ახალ გუნდში დონარუმას ხელფასი დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება წელიწადში. „მილანიდან" მისი წასვლის მიზეზიც სწორედ ესაა, ის გუნდს 10 მილიონიან ხელფასს სთხოვდა, „როსონერი" კი მხოლოდ 7.5-ს სთავაზობდა.