ავტორიზაცია

ევრო 2020, დღე მეოთხე: საქმეში ლევანდოვსკი და პრობლემური ესპანეთი ერთვებიან

ევრო 2020, დღე მეოთხე: საქმეში ლევანდოვსკი და პრობლემური ესპანეთი ერთვებიან
თარიღი 14 ივნ 2021, 02:57

ევროპის ჩემპიონატი უფრო და უფრო იქოქება და დღეს მორიგი მატჩების ახალ პორციას მივიღებთ. 

შოტლანდია - ჩეხეთი, 17:00

პირველები მოედანზე შოტლანდიისა და ჩეხეთის ნაკრებები გავლენ, მატჩი გლაზგოში გაიმართება, რაც ნამდვილად არის შოტლანდიის უპირატესობა, რადგან გუნდი ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს.

უკანასკნელად, დიდ ტურნირზე შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა 1998 წლის მუნდიალზე ითამაშა და მას შემდეგ, 23 წელი მოუწია ლოდინი იქამდე, სანამ კიდევ ერთი გათამაშების დასკვნით სტადიამდე მივიდოდა. 

აშკარაა, რომ ამ ჯგუფის მთავარი ფავორიტები პარალელურად გამართავენ დღეს მატჩს (ინგლისი და ხორვატია), მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ახალი სისტემის გამო, 6 მესამეადგილოსანიდან 4 მერვედფინალში გასვლას მოახერხებს და სწორედ ამიტომ, ჯგუფურ ეტაპზე ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს. 

შოტლანდიისთვის „ჰემპდენ პარკზე“ თამაში დიდი უპირატესობაა - გუნდს ამ სტადიონზე მატჩების 75% დაუმარცხებელი აქვს - 135 მოგება, 63 ფრე, 60 მარცხი.

გუნდებს ისტორიულად ერთმანეთის წინააღმდეგ 9 მატჩი აქვთ ჩატარებული და აქაც სრული თანაფარდობაა - 4-4 მოგება, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

პოლონეთი - სლოვაკეთი, 20:00 

სუპერვარსკვლავ რობერტ ლევანდოვსკის ნაკრები თავის ისტორიაში მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 2008 და 2012 წლებში გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირს წარუმატებლად გამოეთიშა, 2016-ში კი ნამდვილი სენსაცია მოახდინა და მეოთხედფინალამდე მივიდა, შემდეგ კი მომავალ ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

2021 წელს გამართული ხუთი მატჩიდან პოლონეთის ნაკრებს მხოლოდ ერთი მოგება აქვს, სამ ფრესთან და ერთ მარცხთან ერთად. ამიტომ, გუნდს, წინა ევროზე ჩადენილი სასწაულის გასამეორებლად, ფორმის აღდგენა დასჭირდება.

რაც შეეხება სლოვაკეთს - ანუ ჯგუფის ანდერდოგს, გუნდმა თავის ბოლო ორ დიდ ტურნირზე ჯგუფიდან გასვლა მოახერხა (2010 წლის მუნდიალი და 2016 წლის ევრო). საინტერესოა, რომ ორივე წინა შემთხვევაში, გუნდმა სადებიუტო მატჩის მოგება ვერ მოახერხა (1 მოგება, 1 ფრე). სლოვაკეთი ბოლო 5 მატჩია დაუმარცხებელია, თუმცა მხოლოდ ერთი მოგება აქვს, 4 ფრესთან ერთად. 

პოლონეთის მთავარ ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის, რომელმაც ეს-ესაა ბუნდესლიგაში გერდ მიულერის ისტორიული რეკორდიც დაამხო, დიდი სანაკრებო ტურნირების ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. მისთვის საქმე ამჟამად იმის ფონზე გართულდა, რომ ტრავმის გამო, შეტევის პარტნიორები - არკადიუშ მილიკი და კშიშტოფ პიონტეკი გამოაკლდნენ.

პოლონეთის მიერ ევროპის ჩემპიონატზე გამართულ ბოლო 11 მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, ამიტომ გოლების კასკადს ამ მატჩისგანაც არ უნდა ველოდოთ.

ერთმანეთში ამ ორ გუნდს ისტორიაში შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული და უპირატესობა სლოვაკების მხარეზეა - 4 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი. თუმცა უკანასკნელი შეხვედრა 2013 წელს გაიმართა და მაშინ სტუმრად მყოფი სლოვაკეთის მიერ 2:0 მოგებით დასრულდა.

ესპანეთი - შვედეთი, 23:00

ორი შედარებით პრობლემური ნაკრების დაპირისპირება - მატჩი სევილიაში, სტადიონ „ლა კარტუხაზე“ გაიმართება. პრობლემური რატომ? იმიტომ, რომ ესპანეთის ნაკრებში სიტუაცია მარტივი არ არის - გარდა იმსა, რომ ტურნირზე გუნდს ვერ გაყვა სერხიო რამოსი, ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში, „ფურია როხაში“ სერხიო ბუსკეტსს და დიეგო ლორენტეს კოვიდ19 დაუდასტურდათ და სასწრაფო წესით ყველა ფეხბურთელის აცრა გახდა საჭირო. ამიტომ, უცნობია, როგორ მდგომარეობაში იქნებიან მოთამაშეები.

შვედეთის მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაყვა ნაკრებში ახლახანს დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო ოპერაციაც კი სჭირდება.

უკანასკნელად, სტადიონმა „ლა კარტუხამ“ დიდი სანაკრებო ტურნირის მატჩს 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უმასპინძლა. 

ამ ორ გუნდს ერთმანეთთან თამაშის დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს - გუნდები ერტმანეთს ცხრაჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან 5 ესპანეთმა მოიგო, 2 შვედეთმა, კიდევ 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

უკანასკნელად, ისინი ერთმანეთს 2019 წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ, ესპანეთში მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, შვედეთში მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ტორესი, ლაპორტი, ალბა; როდრი, ლორენტე, კოკე, ტიაგო, ფერან ტორესი; მორენო

შვედეთი: ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, იანსონი, აუგუსტინსონი, კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი, კუაისონი, ისაკი.