ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს!
გამოცემა Tuttosport-მა დაასახელა 100 ფეხბურთელი, რომელიც Golden Boy-ზეა წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ იტალიური გამოცემა ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს.
ნომინანტთა შორის მოხვდა „რუბინის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია. ცნობისთვის, ის ერთადერთია თავისი ამჟამინდელი ჩემპიონატიდან, რომელიც აღნიშნულ ნომინაციაზეა წარდგენილი.
რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებულ სეზონში 20 წლის ხვიჩამ 23 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონატის ბოლოს კი მან ტრავმა მიიღო და რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.
გამარჯვებული ტრადიციულად ნოემბერში ცხადდება. თუმცა, იქამდე, ასეული შემცირდება და უფრო ნაკლები ნომინანტის ვინაობა გახდება ცნობილი.
გასულ წელს, საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელად „ბორუსია დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი დასახელდა.
ხვიჩასთან ერთად, 100 ნომინანტს შორის ასეთ ცნობილ სახელებს შეხვდებით: მაისონ გრინვუდი (მან.იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ნუნო მენდეში (სპორტინგი), პედრი (ბარსელონა), ედუარდო კამავინგა (რენი), რაიან გრაბენვერქი (აიაქსი).
სრული ასეულის ხილვა კი აქ შეგიძლიათ: