ავტორიზაცია

ევრო 2020, დღე მეშვიდე: მფრინავი ბელგია და სანახაობრივი უკრაინა, რომელსაც ქულები სჭირდება

ევრო 2020, დღე მეშვიდე: მფრინავი ბელგია და სანახაობრივი უკრაინა, რომელსაც ქულები სჭირდება
თარიღი 17 ივნ 2021, 01:33

ევრო 2020-ს ჯგუფური ეტაპის მეორე ტური უფრო და უფრო იქოქება და დღეს, 17 ივნისს, საქმეში B ჯგუფის მეორე მატჩს და C ჯგუფს ვიხილავთ.

17:00 უკრაინა - ჩრ.მაკედონია

დღის პირველ მატჩში ლეგენდარული ანდრეი შევჩენკოს დამოძღვრილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტს გატესტავს. აქ, შესაძლოა, ახლა საქართველოზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია...

პირველ შეხვედრაში, უკრაინელებმა საუცხოო შთაბეჭდილება დატოვეს და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ჰოლანდიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს. დე ბურის ბიჭები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა უკრაინელებმა რამდენიმე წუთში მოახერხეს ყველაფრის თავდაყირა დაყენება და კინაღამ ქულაც ჩაიბიჯეს. მათთვის სამწუხაროდ, ჰოლანდიამ მესამე და გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა პირველი სამი ქულაც ჩაიჯიბა.

ჩრდილოეთ მაკედონიას კი ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებული დებიუტი ვერ გამოუვიდა - მართალია, გუნდმა დიდ ტურნირებზე თავის ისტორიაში პირველი გოლი კი გაიტანა, რაღა თქმა უნდა გორან პანდევის დახმარებით, მაგრამ ამან გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა და ავსტრიამ კლასის ხარჯზე 3:1 დამაჯერებლად იმარჯვა. 

ამრიგად, შეიძლება ითქვას, ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი ბრძოლა იქნება - გუნდი, რომელიც დამარცხდება, დიდი შანსია უშანსოდ დარჩეს და ტურნირს გამოეთიშოს. ალბათ, სილამაზისთვის სჯობს, რომ უკრაინამ მოიგოს, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის ლოგიკას არ ექვემდებარება.

სავარაუდო შემადგენლობები:

უკრაინა: ბუშანი - კარავაევი, ზაბარნი, მიკოლენკო, მატვიენკო - სიდორჩუკი, ზინჩენკო, მალინოვსკი - ზუბკოვი, იარმოლენკო, იარემჩუკი

მაკედონია: დიმიტრიევსკი - ნიკოლოვი, რისტოვსკი, მუსლი, ველკოვსკი, ალიოსკი - ადემი, ელმასი, ბარდი - ტრაიკოვსკი, პანდევი.

20:00 დანია - ბელგია

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბელგიის ნაკრებმა პირველ ტურში დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა და თავისი ლიდერის, კევინ დე ბრუინის გარეშეც მოახერხა და რუსეთის 3:0 განადგურება. რომელუ ლუკაკუ შეუჩერებელია, რობერტო მარტინესმა კი გუნდი ერთიან მექანიზმად აამუშავა, რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც დამაჯერებლად გამოიყურება.

რაც შეეხება დანიას, ამ გუნდის მატჩმა პირველ ტურში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. თუმცა, სამწუხაროდ, არასაფეხბურთო მიზეზით - კრისტიან ერიქსენის ამბის ხელახლა მოყოლას არ დაგიწყებთ. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ფეხბურთელი თავს უკვე კარგად გრძნობს. თუმცა, ბუნებრივია, ამ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება. ჯერ ისიც უცნობია, შეძლებს თუ არა ის საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას.

უცნობია ჯერ კევინ დე ბრუინის მდგომარეობაც, რომელმაც პირველი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა. სამაგიეროდ, რუსეთთან 18 წუთი ითამაშა პრობლემურმა ედენ აზარმა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სასტარტოდან დასაწყებად მზად იყოს. 

ფინეთთან მარცხის გამო, დანიას ქულები სასიცოცხლოდ ესაჭიროება და ამ ქულების მოპოვებაში მათივე მშობლიური კოპენჰაგენი უნდა დაეხმაროს - ცნობისთვის, მატჩი სწორედ ამ ქალაქში გაიმართება. ჯერჯერობით, შმეიხელს და კომპანიას 0 ქულა აქვთ და ცხრილში ბოლო ადგილს იკავებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფის სხვა მატჩში რუსეთმა ფინეთს მოუგო, დანია ჯერ კვარტეტის ერთადერთი უქულო გუნდია.

სავარაუდო შემადგენლობები:

დანია: შმეიხელი - ვასი, კიაერი, კრისტენსენი, მაელე - დილეინი, ჰოიბერგი, იენსენი, პოულსენი, დოლბერგი - ბრაიტვეიტი.

ბელგია: კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერმალენი - მუნიე, ტილემანსი, დენდონკერი, აზარი - მერტენსი, ლუკაკუ, კარასკო.

23:00 ჰოლანდია - ავსტრია

დღის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები შეხვდებიან. ჰოლანდიამ უკრაინას დიდ ბრძოლაში 3:2 მოუგო, ავსტრიამ კი აუთსაიდერი მაკედონია დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა.

შესაბამისად, შეიძლება ამ მატჩს პირველი ადგილისთვის ბრძოლაც კი ვუწოდოთ. თუმცა, ბრძოლა რამდენად გამოვა - ეს სხვა საკითხია. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში ავსტრიას შეტევის ერთ-ერთი ლიდერი, მარკო არნაუტოვიჩი გამოაკლდება, რომელმაც წინა მატჩში მაკედონიის ერთ-ერთ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა და დისკვალიფიკაციაც მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები: 

ჰოლანდია: სტელეკენბურგი - ტიმბერი, დე ვრეი, ბლინდი - დუმფრისი, დე რონი, დე იონგი, ვეინალდუმი, ვან აანჰოლტი - დეპაი, ვეგჰორსტი

ავსტრია: ბახმანი - დრაგოვიჩი, ალაბა, ჰინტეგერი - ლაინერი, ლაიმერი, შლაგერი, საბიტცერი, ულმერი - ბაუმგარტნერი, კალაიჯიჩი.