ავტორიზაცია

საფეხბურთო ზეიმი, სერია 9: ჯერჯერობით საუკეთესო დღე ევროპის ჩემპიონატზე

საფეხბურთო ზეიმი, სერია 9: ჯერჯერობით საუკეთესო დღე ევროპის ჩემპიონატზე
თარიღი 19 ივნ 2021, 02:34

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ევრო 2020-ზე მეცხრე სათამაშო დღე, ჯერჯერობით საუკეთესო უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, სახელებით მაინც.

17:00 უნგრეთი - საფრანგეთი

სათამაშო დღეს თბილისის დროით ხუთ საათზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახსნის, რომელმაც პირველ შეხვედრაში 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული, საფრანგეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, მაგრამ დამსახურებულად დაამარცხა და სიკვდილის ჯგუფიდან გასვლისკენ უდიდესი ნაბიჯიც გადადგა. 

თავის მხრივ, უნგრეთმა - სხვათაშორის, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ ევროზე სტადიონის 100% შევსების უფლება აქვს - პორტუგალიის ნაკრებთან მატჩში თავი არც თუ ისე ცუდად წარმოაჩინა. კი, გუნდის ძირითადი მისია თავდაცვა იყო, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ მეტოქედ ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰყავდათ, რომელთან მოგებასთანაც კი შეიძლება ვთქვათ რომ ახლოს იყვნენ - 0:0-ზე მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, რომელიც ძალიან მცირე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. გუნდს სასურველ შედეგამდე და მინიმუმ ფრემდე ცოტა დააკლდა, თუმცა 84-ე წუთზე რიკოშეტით გაუშვეს გოლი და გატყდნენ - დარჩენილ დროში, პორტუგალიამ კიდე 2 გოლი შეაგდო და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. 

ის, რომ ამ მატჩის ფავორიტი საფრანგეთია - ზედმეტ აღნიშვნასაც კი არ საჭიროებს. თუმცა, პორტუგალიასთან უკვე დავინახეთ, თუ რამხელა მხარდაჭერას იღებენ უნგრელები 100% შევსებულ სტადიონზე თამაშით და რატომაც არ შეიძლება, მცირე სენსაციასაც გამოკრან ხელი. როგორადაც, რა თქმა უნდა, ფრეც კი ჩაითვლება.

სავარაუდო შემადგენლობები:

უნგრეთი: გულაჩი, ბოტკა, ორბანი, ატილა შალაი, ლოვრენშიჩი, კლაინესლერი, ნაგი, შაფერი, ფიოლა, სალაი, ადამ შალაი.

საფრანგეთი:  ლორისი, პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი, კანტე, რაბიო, პოგბა, გრიზმანი, მბაპე, ბენზემა.

20:00 პორტუგალია - გერმანია

დღის მთავარ გემრიელობას სწორედ ამ მატჩისგან ველოდებით - პორტუგალია და გერმანია, კლასიკური დაპირისპირება, რომელიც ამ საუკუნეში არაერთხელ გვინახავს და ძირითადად, „მანშაფტის“ გამარჯვებით სრულდებოდა ხოლმე. თუმცა, ახლა სხვა დროა და მსოფლიოსთვის არც ევროპის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვება გააკვირვებს.

მატჩს უფრო დიდ მნიშვნელობას ის სძენს, რომ გერმანიამ პირველი შეხვედრა დათმო და მეორე მატჩის წაგების უფლება არ აქვს, რადგან ბოლო მატჩში უნგრეთთან მოპოვებული 3 ქულა გუნდს მესამე ადგილს კი მოუტანს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლის გარანტია ეს არ იქნება - აქ უკვე ყველაფერი სხვა მესამეადგილოსნებზე იქნება დამოკიდებული. როგორც მინიმუმ ფრე ამ მატჩში გერმანიას ნამდვილად სჭირდება.

ანალოგიურის თქმა შეგვიძლია პორტუგალიაზეც - კი ბატონო, გუნდმა უნგრეთს მოუგო და ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გერმანიასთან წაგებით სანტუშის ბიჭებს მხოლოდ 3 ქულა ექნებათ აქტივში და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჯგუფის შეხვედრა საფრანგეთთან აქვთ, სადაც გამარჯვების ან თუნდაც ფრის გარანტიას პორტუგალიას ვერავინ მისცემს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ მატჩში ორივე გუნდისთვის ფრე მეტნაკლებად მისაღები შედეგი იქნება (უფრო პორტუგალიისთვის), მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ორივე ეს ნაკრები გამარჯვებისთვის გავა მოედანზე და პოტენციური მესამე ადგილით გასვლის იმედად არ იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალია: პატრისიო, სემედუ, პეპე, დიაში, გერეირო, დანილო, უილიამი, ბერნარდო სილვა, ბრუნო ფერნანდეში, დიოგუ ჟოტა, კრიშტიანუ რონალდუ

გერმანია: ნოიერი, გინტერი, რუდიგერი, ჰუმელსი, გუნდოგანი, კიმიხი, კროოსი, გოსენსი, მიულერი, სანე, გნაბრი.

23:00 ესპანეთი - პოლონეთი

დღეს კი წინა ათწლეულის დომინანტი ნაკრები, „ფურია როხა“ დახურავს, რომელმაც პირველ წრეში განსხვავებული შთაბეჭდილებები დატოვა. ერთის მხრივ, ენრიკეს ბიჭებს ბურთის კონტროლი საუცხოოდ გამოსდიოდათ და ასე თუ ისე მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მეორეს მხრივ...მორატა, რომელმაც გააცუდა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. შვედეთთან პირველ მატჩში ფრე (0:0) ესპანეთს აიძულებს, ამ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე იფიქროს.

ანალოგიური ფიქრით უნდა გავიდეს მოედანზე პოლონეთის ნაკრებიც, რომელმაც პირველ შეხვედრაში სლოვაკეთთან მატჩი დათმო და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ერთი-ორად გაირთულა. ნაკრებში თავის თავს საერთოდ არ ჰგავს რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც უკვე გვარიანი ხანია პოლონეთის რიგებში ერთი გოლიც კი არ გაუტანია. დროა, ლევანგოლსკიმ, როგორც მას „ბაიერნში“ ეძახიან, თავისი ბავარიული სუპერგმირის კოსტუმი იპოვოს და ეროვნულ ნაკრებშიც მოახდინოს მისი დემონსტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ზედიზედ მეორე დიდ სანაკრებო ფორუმზე ჩავარდნა ემუქრება და მისი ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება თავის წარმოჩენის უკეთესი შანსი აღარც მიეცეს.

სავარაუდო შემადგენლობები: 

ესპანეთი: სიმონი, ლორენტე, პაო ტორესი, ლაპორტი, ალბა, როდრი, პედრი, კოკე, ოლმო, ტორესი, მორატა.

პოლონეთი: შესნი, ბერეჟინსკი, გლიკი, ბედნარეკი, კლიჩი, რიბუსი, ჟოზვიაკი, ლინეტი, ზიელინსკი, სვიდერსკი, ლევანდოვსკი.