ავტორიზაცია

რეალმა რამოსის შემცვლელი იპოვნა, მაგრამ მის შეძენას მომავალ ზაფხულამდე ვერ მოახერხებს - AS

რეალმა რამოსის შემცვლელი იპოვნა, მაგრამ მის შეძენას მომავალ ზაფხულამდე ვერ მოახერხებს - AS
თარიღი 19 ივნ 2021, 15:41

მადრიდის „რეალმა“ თავისი მრავალწლიანი ლიდერისა და კაპიტნის, სერხიო რამოსის შემცვლელი ლა ლიგაში იპოვნა.

AS-ის ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა თვალი „ვილიარეალის“ ცენტრალურ მცველს, პაუ ტორესს დაადგა, რომელსაც „ყვითელი სუბმარინა“ 50 მილიონ ევროდ აფასებს.

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს „რეალს“ რაფაელ ვარანიც დატოვებს. მაგრამ, ამის გათვალისწინებითაც კი, კლუბი პაუ ტორესში 50 მილიონის გადახდას ვერ მოახერხებს, რადგან მიღებული თანხის დახარჯვას კილიან მბაპეს შეძენაში აპირებს.

ამრიგად, პაუ ტორესს „რეალში“ გადასასვლელად კიდევ ერთ წელი დაცდა მოუწევს - კორონავირუსის კრიზისის გადავლისა და სტადიონებზე მასიურად ხალხის დაბრუნების შემდეგ, კლუბი იმედოვნებს, რომ ცენტრალური მცველის პოზიციას სწორედ მომდევნო ზაფხულს გააძლიერებს.

პაუ ტორესით სხვა გუნდებიც ინტერესდებიან, მათ შორის - „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ ზემოთხსენებული გამოცემა AS ამტკიცებს, რომ ფეხბურთელისთვის სასურველი ადგილი სწორედ „რეალია“ და ის მზად არის, დედაქალაქურ კლუბს კიდევ ერთი წელი დაელოდოს.

პაუ ტორესის გარდა, „რეალს“ ასევე უკავშირებენ „სევილიას“ ფრანგი მცველის, ჟულ კუნდეს შეძენასაც.