ავტორიზაცია

კიდევ ერთი ფინალი არ გამოვიდა - ბასილაშვილი ნახევარფინალში რუს ჩოგბურთელთან დამარცხდა

კიდევ ერთი ფინალი არ გამოვიდა - ბასილაშვილი ნახევარფინალში რუს ჩოგბურთელთან დამარცხდა
თარიღი 19 ივნ 2021, 17:44

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ბალახის საფარის ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა.

ნახევარფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იყო, რომელიც სადღეისოდ მსოფლიოს ერთეულთა თანრიგში მეშვიდე პოზიციას იკავებს.

პირველ სეტში ბრძოლა საერთოდ არ გამოვიდა - რუბლევმა ნიკას მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო და 30 წუთში პირველი სეტი მოიგო.

სამაგიეროდ, მეორე სეტში ბასილაშვილმა მატჩი დაბრუნება მოახერხა და თანაც, როგორ - მან მეტოქის მოწოდება მე-6 გეიმში მოიგო და სეტიც გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3. საამისოდ, ნიკას 39 წუთი დასჭირდა.

მესამე და გადამწყვეტი სეტის პირველ 5 გეიმში ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები მოიგეს და ბასილაშვილმა თავის მოწოდებაზე ჯერ 15:40 გადაარჩინა, მერე კიდევ რამდენიმე ბრეიკ-პოინტს გაექცა, მაგრამ მაინც დაბრეიკდა და რუბლევს გადამწყვეტი უპირატესობაც მისცა.

ამრიგად, რუბლევმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და მესამე სეტი 6:3, მასთან ერთად კი მატჩი 6:1 3:6 6:3 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ოჟე-ალიასიმესა და უმბერტს შორის გამარჯვებული იქნება.