ავტორიზაცია

მანჩესტერს რეალთან საინტერესო ბარტერი სურს, თუმცა მადრიდელებს სხვა გეგმები აქვთ

მანჩესტერს რეალთან საინტერესო ბარტერი სურს, თუმცა მადრიდელებს სხვა გეგმები აქვთ
თარიღი 21 ივნ 2021, 16:52

არ არის გამორიცხული, მადრიდის „რეალმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფეხბურთელები გაცვალონ.

ინგლისური კლუბი „რეალის“ ფრანგი მცველით, რაფაელ ვარანით ინტერესდება და As-ის ინფორმაციით, მზადაა ტრანსფერში ნახევარმცველი პოლ პოგბაც ჩართოს.

„ემიუს“ ვარანის სანაცვლოდ ზედმეტის გადახდა არ სურს, რადგან ერთ წელიწადში ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი ეწურება და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, „იუნაიტედს“ ახლა ერთი ძვირიანი ტრანსფერი აქვს დაგეგმილი - ჯეიდონ სანჩო დორტმუნდის „ბორუსიადან“.

მიუხედავად „მანჩესტერის“ გეგმებისა, გაცვლა არ შედის მადრიდის „რეალის“ გეგმებში, რომელსაც თუ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მისი გაყიდვა ურჩევნია, რათა კილიან მბაპეს ან ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის ფული გამოიმუშავოს.

ამ ყველაფერში საინტერესოა პოგბას პოზიცია - ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ სიამოვნებით გადავიდოდა. მისი კონტრაქტიც, ვარანის მსგავსად, მომავალ ზაფხულს იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე საუბარს ევრო 2020-ს დასრულების შემდეგ დაიწყებენ. თუმცა, თუ ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ სერიოზულად დაინტერესდბეა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.