ავტორიზაცია

კაპელო რეალიდან ზიდანის წასვლას და მის ადგილას ანჩელოტის დანიშვნას გამოეხმაურა

კაპელო რეალიდან ზიდანის წასვლას და მის ადგილას ანჩელოტის დანიშვნას გამოეხმაურა
თარიღი 21 ივნ 2021, 21:27

იტალიელმა სპეციალისტმა, ფაბიო კაპელომ "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის გათავისუფლებას და კლუბში კარლო ანჩელოტის დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.

"მისი გათავისუფლებით გაკვირვებული ვიყავი. ზიდანმა მადრიდში წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა. ყველაფერი მოიგო და გუნდი შესანიშნავად ათამაშა. მაგრამ, როცა იმ ადამიანების ნდობა არ გაქვს, ვისთანაც მუშაობ, ეს შეიძლება არ მოგეწონოს. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი მე "მილანში".

"ანჩელოტი კარგი არჩევანია. კლუბს კარგად იცნობს, ენა იცის, ფეხბურთელებთან წყნარად საუბრობს. ბრწყინვალე მწვრთნელია, გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ისეთი დიდებული მწვრთნელის შემდეგ, როგორიც ზიდანია, ანჩელოტი საუკეთესო მწვრთნელია, რომლის არჩევაც "რეალს" შეეძლო", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს AS.

მოგეხსენებათ, ზიდანმა "სამეფო კლუბი" 2021 წლის 27 მაისს დატოვა. გუნდს იგი 2016 წლიდან 2018 წლამდეც ედგა და 2019 წლის მარტში დაბრუნდა. 48 წლის ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (3-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი (2-ჯერ), უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2-ჯერ) მოიგო.

რაც შეეხება ანჩელოტის, ეს უკანასკნელი "რეალს" 2013 წლიდან 2015 წლამდე უკვე წვრთნიდა. მისი თავკაცობით მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, აგრეთვე ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგეს.

61 წლის იტალიელი სპეციალისტი 2020/21 წლების სეზონში "ევერტონს" ედგა სათავეში. "კანფეტებმა" "პაპა კარლოს" მეთაურობით პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავეს.