ავტორიზაცია

ჯგუფური ეტაპი თავის ფინიშს უახლოვდება - ვიცე-ჩემპიონის ბოლო შანსი და ინგლისი, რომელსაც მოგება სჭირდება

ჯგუფური ეტაპი თავის ფინიშს უახლოვდება - ვიცე-ჩემპიონის ბოლო შანსი და ინგლისი, რომელსაც მოგება სჭირდება
თარიღი 22 ივნ 2021, 02:38

ოთხმატჩიანი დღის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე მცირე „შესვენება“ იქნება და დღეს მხოლოდ ორ მატჩს ვიხილავთ.

დღეს, საქმეში D ჯგუფი ჩაერთვება და საბოლოოდ გაირკვევა, თუ რა ბედი ეწევა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას, ჯერჯერობით ტურნირის ყველაზე ლამაზი გოლის ავტორის, პატრიკ შიკის ჩეხეთს და შოტლანდიას, რომელამც მეორე ტურის მატჩში ინგლისს არაფერი დაუთმო და ქულებიც დააკარგინა.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

ხორვატია - შოტლანდია, 23:00

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ტურნირი საშინლად დაიწყო და 2 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთ ქულით, ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. სამწუხაროდ, ის, რასაც სკეფტიკოსები ხორვატიის ნაკრებს უწინასწარმეტყველებდნენ - გამართლდა. გუნდს ივან რაკიტიჩის და მარიო მანჯუკიჩის სანაკრებო კარიერის დასრულება მძიმედ გადააქვს, რაც პირველ რიგში დამძიმებულ შეტევაზე ისახება, ლუკა მოდრიჩი ისევ ისეთი მაგიური და დიდებულია, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მაგია გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში ვერ ეხმარება. 

რაც შეეხება ხორვატიის მეტოქე შოტლანდიას, გუნდი ასევე 1 ქულით (რომელიც ინგლისთან მოიპოვა), კვარტეტში ჯერჯერობით ბოლო ადგილს იკავებს და ხორვატებთან ბურთების სხვაობით მარცხდება. 

სახელებით, ეს მატჩი შეიძლება ვინმეს შედარებით ნაკლებად საინტერესოდ მოეჩვენოს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის სატურნირო გადმოსახედიდან - ხორვატიას, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სასიცოცხლოდ ესაჭიროება გამარჯვება. ასეთ შემთხვევაში, გუნდი 4 ქულას დაისაკუთრებს და გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დასრულებულ ჯგუფებს საკმაოდ ბევრი 3-ქულიანი მესამეადგილოსანი აქვს, ხორვატები შემდეგ ეტაპზე გასვლას 100%-ით გაინაღდებენ. ანალოგიურის თქმა შეიძლება შოტლანდიაზეც. შესაბამისად, ეს იქნება ბრძოლა შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის - არც მეტი და არც ნაკლები.

ურთიერთშეხვედრები

ხორვატიისა და შოტლანდიის გზები საფეხბურთო მოედანზე 5-ჯერ გადაიყარა, პირველად 2000 წელს და უკანასკნელად, 2013-ში. პირველი სამი დაპირისპირება გუნდებს შორის ფრედ დასრულდა (1:1, 0:0, 1:1), შემდეგ კი შოტლანდიამ ხორვატები ორჯერ დაამარცხა - სტუმრად 1:0, შინ კი 2:0. შესაბამისად, დღეს ხორვატებს ნავსის გატეხვა მოუწევთ - როგორც ხედავთ, გუნდს ჯერ ბრიტანელებთან გამარჯვება არასდროს მოუპოვებია. 

სავარაუდო შემადგენლობები:

ხორვატია: ლივაკოვიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, გვარდიოლი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, ვლაშიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი, პეტკოვიჩი.

შოტლანდია: მარშალი, მაკტომინეი, ჰანლი, ტირნი, ო’დონელი, მაკგრეგორი, არმოსტრონგი, მაკგინი, რობერტსონი, დაიკსი, ადამსი.

ჩეხეთი - ინგლისი, 23:00

უკვე ბევრისთვის სასაცილოდ იქნა, მაგრამ ინგლისის ფანებს ასე საქმე ნამდვილად არ ექნებათ - უკვე მერამდენე დიდი ტურნირია, გუნდი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება (თუ მთავარად არა), იწყება ფრაზა Football is Coming Home (ფეხბურთი სახლში ბრუნდება) ჩახვევა და ა.შ, მაგრამ რეალობას სულ სხვანაირს ვიღებთ - ინგლისის ნაკრები ტურნირზე უღიმღამო შთაბეჭდილებას ტოვებს და ხშირ შემთხვევაში, სახლში საკმაოდ ნაადრევად მიდის. კი ბატონო, 2018 წლის მუნდიალი „გამონაკლისი“ გახდა და გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ არის კი ეს საკმარისი ფეხბურთის მშობელი ქვეყნის გულშემატკივრებისთვის? 

დიდი მოლოდინის მიუხედავად, ინგლისმა ტურნირი უღიმღამოდ დაიწყო - გუნდმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას პრაგმატულ და მოსაწყენ მატჩში 1:0 მოუგო, მეორე შეხვედრაში კი შოტლანდიის კარის გასაღები ვერ იპოვნა, მაგრამ საკუთარიც მშრალად შეინახა და ნულოვანი ფრე გააფორმა. 

რაც შეეხება ჩეხებს - გუნდმა პირველ ტურში ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზა. გუნდმა რა, უფრო პატრიკ შიკმა, რომელმაც თავის ნაკრებს დუბლით მოაგებინა, მეორე გოლი კი გაცილებით ღირსშესანიშნავი იყო, რომელიც მან მოედნის ცენტრიდან გაიტანა.

VIDEO: ევრო 2020-ს საუკეთესო გოლი უკვე ვიხილეთ?! პატრიკ შიკის ულამაზესი გასროლა მოედნის ცენტრიდან

ერთი შეხედვით საინტერესო გამოფენას ერთი პატარა ფაქტი აფუჭებს - ორივე გუნდმა იცის, რომ მშვიდი ფრის შემთხვევაში, ისინი აუღელვებლად გავლენ შემდეგ ეტაპზე და იმედი ვიქონიოთ, რომ ინგლისს სიამაყე დაძლევს და ჯგუფის მოგებას შეეცდება. ამისათვის კი, გუნდს გამარჯვება ესაჭიროება, რადგან ამჟამად, ბურთების უკეთესი სხვაობის დამსახურებით, ცხრილს ჩეხები ლიდერობენ.

ურთიერთშეხვედრები: 

ამ ორი ნაკრების გზები საფეხბურთო მოედანზე სამჯერ გადაიყარა და ჯერჯერობით, სრული თანაფარდობაა - 2008 წელს გუნდმა ფრე, 2:2 ითამაშეს, 2019-ში ინგლისმა შინ 5:0 იმარჯვა, რამდენიმე თვეში, უკვე ჩეხეთში გამართულ მატჩში კი მასპინძლებმა რევანში აიღეს და 2:1 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩეხეთი: ვაცლიკი, კუფალი, კალასი, ჩელუსტკა, ბორილი, სოუჩეკი, კრალი, მასოპუსტი, დარიდა, ჯანქტო, შიკი

ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ, რაისი, ფილიპსი, სანჩო, მაუნტი, გრილიში, კეინი.