ავტორიზაცია

ევრო 2020-ს საუკეთესო სათამაშო დღე! დღეს, ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად სრულდება

ევრო 2020-ს საუკეთესო სათამაშო დღე! დღეს, ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად სრულდება
თარიღი 23 ივნ 2021, 01:00

ფეხბურთი ზედმეტი არასდროს არ არის, მითუმეტეს ევროპის ჩემპიონი. მაგრამ, სამწუხაროდ, ხვალ და ზეგ, ანუ 24 და 25 ივნისს ევროპის ჩემპიონატი პაუზას იღებს და მატჩები არ იქნება.

რატომ? იმიტომ, რომ დღეს, 23 ივნისს, ჯგუფური ეტაპი სრულდება. სრულდება და თან როგორ, რამდენი და როგორი მატჩით...

დღეს გაირკვევა ყველაფერი - მერვედფინალში გასული 16-ვე გუნდი, წყვილები და მოკლედ ყველაფერი, რაც გვაინტერესებს. 

როგორც ჯგუფური ეტაპის მესამე ტურს შეეფერება, ჯგუფის მატჩები ერთდროულად გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ 20:00 საათზე ორ მატჩს ვიხილავთ, 23:00 საათზე კი კიდევ ორს.

20:00 სლოვაკეთი - ესპანეთი



„ფურია როხამ“ ტურნირი კატასტროფულად დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არ წაუგია, მათ ჯერ არც მოუგიათ და რაც უფრო სამწუხაროა, გოლების გატანაც ძალიან უჭირს - ალვარო მორატამ ყველას გაახსენა, როგორი კარგი „შემსრულებელია“, ესპანელების იმედი და ევროპა ლიგის ჩემპიონი ხერარდ მორენო კი ვერ ბრწყინავს და წინა მატჩში გადამწყვეტი პენალტიც გააფუჭა. 

ეს ყველაფერი კი გამოისახა იმაში, რომ ლუის ენრიკეს გუნდს 2 ტურის შემდეგ ორად ორი ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. რა თქმა უნდა, გუნდი შეიძლება ფრის შემთხვევაში მესამე ადგილითაც გავიდეს, მაგრამ აქ ყველაფერი მათზე ნამდვილად აღარ იქნება დამოკიდებული. 

ჯერჯერობით, ესპანეთს ორივე მატჩის ჩატარება ამ ტურნირზე ე.წ. ავტობუსის სტილში მოთამაშე გუნდებთან მოუწია - ჯერ შვედეთმა და შემდეგ პოლონეთმა საკუთარ კართან ავტობუსი დააპარკინგეს და ესპანეთს ბევრი საგოლე მომენტი არ შეაქმევინეს. ნაკლებად უნდა ველოდოთ, რომ სლოვაკეთიც თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა წინ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი ამჟამად სამი ქულით მეორე ადგილზეა და ამ პოზიციის შესანარჩუნებლად ფრეც ეყოფა.

ურთიერთშეხვედრები:

ისტორიულად, ამ გუნდების გზები 6-ჯერ გადაიკვეთა და ფრე ჯერ არასდროს არ დაფიქსირებულა - ის, რაც ესპანეთს გარკვეულწილად იმედს უსახავს. 5-ჯერ გამარჯვება „ფურია როხამ“ მოიპოვა, ერთხელ კი სლოვაკეთმა იმარჯვა.

პირველი დაპირისპირება 1996 წლით თარიღდება და ის ესპანეთმა 4:1 მოიგო, უკანასკნელი მატჩი კი 2015-ში გაიმართა და ესპანელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. სლოვაკეთის ერთადერთში გამარჯვება კი 2014 წლის ოქტომბერში შედგა.

სავარაუდო შემადგენლობები: 

სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი, შკრინიარი, სატკა, ჰუბოჩანი, კუცკა, ჰრომადა, ჰარასლინი, ჰამშიკი, მაკი, დუდა

ესპანეთი: სიმონი, ლორენტე, პაუ ტორესი, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, პედრი, ოლმო, მორატა, მორენო.

20:00 შვედეთი - პოლონეთი

E ჯგუფი განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული იმიტომ გამოვიდა, რომ ბოლო ტურამდე გარკვეული აბსოლუტურად არაფერია. შვედეთმა ფავორიტ ესპანეთთან ფრე ითამაშა, შემდეგ სლოვაკეთს მოუგო და 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ ჯერ მეორე პოზიციაც კი არ აქვს ბოლომდე გარანტირებული.

შესაბამისად, კვარტეტში მოდუნების საშუალება არავის აქვს, რაც მატჩებს კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის. ჯგუფის აუთსაიდერი ჯერჯერობით პოლონეთია, რომელიც 1 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ბურთების უარყოფითი ბალანსი აქვს (-1). თუმცა, გამოსწორების გზა ჯერ კიდევ არსებობს - გუნდს შვედეთთან გამარჯვება სჭირდება და შემდეგ ეტაპზე გასვლა პარალელურად მიმდინარე მატჩზე იქნება დამოკიდებული.

ურთიერთშეხვედრები:

შვედეთსა და პოლონეთს შეხვედრების საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ, თუმცა უკანასკნელად მათი გზები საუკუნის დასაწყისში, 2004 წელს გადაიკვეთა და შვედეთის 3:1 გაარჯვებით დასრულდა.

ისტორიულად, ისინი 8-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და პოლონეთისთვის სტატისტიკა ძალიან არადამაიმედებელია - შვედეთმა 7 ჯერ იმარჯვა, პოლონელებმა კი ერთადერთხელ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და თანაც, სულ პირველ შეხვედრაში, შორეულ 1974 წელს.

სავარაუდო შემადგენლობები:

შვედეთი: ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი, ლარსონი, ოლსონი, ეკდალი, ფორსბერგი, ისაკი, ბერგი

პოლონეთი: შესნი, ბერეჟინსკი, ბედნარეკი, გლიკი, იოზვიაკი, მოდერი, კრიხოვიაკი, ზიელინსკი, პუჩასი, სვიდერსკი, ლევანდოვსკი.

23:00 გერმანია - უნგრეთი

მეორე სესიაში კი ტურნირის ბოლო და ამავდროულად, სიკვდილის ჯგუფი ჩაერთვება საქმეში. გერმანიის ნაკრებმა სასტარტო მატჩში შინ საფრანგეთთან წაგების შემდეგ, რეაბილიტაცია პორტუგალიასთან მოახერხა და სანახაობრივ სტილში 4:2 იმარჯვა, რითაც ჯგუფში სიტუაცია საგრძნობლად გაიუმჯობესა და ახლა ყველაფერი მის ხელშია - გამარჯვება უნგრეთის წინააღმდეგ გუნდს მერვედფინალის პირდაპირ საგზურს მოუტანს. 

რაც შეეხება უნგრელებს, გუნდმა პორტუგალიასთან კარგად იბრძოლა, მაგრამ ბოლო 7 წუთში 3 გოლი გაუშვა და საბოლოოდ განადგურდა. საფრანგეთთან კი, სავსე სტადიონის მხარდაჭერით, გუნდმა სენსაციას გამოკრა ხელი და მსოფლიო ჩემპიონი დაგეგმილი 3 ქულის გარეშე დატოვა. ფრე, 1:1.

ამრიგად, ყველაზე მიზერული შანსი ბუნებრივია უნგრეთს აქვს, თუმცა მისგან ამ ჯგუფში ქულის აღებასაც არავინ ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა მინიმუმი გუნდს უკვე შესრულებული აქვს. გერმანიისგან კი ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებას ელიან. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ტრავმის გამო თომას მიულერი გამოაკლდება. 

უპრობლემოდ არ იქნება უნგრეთის ნაკრებიც - საფრანგეთთან მატჩში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია გუნდის კაპიტანს და ლიდერს, ადამ შალაის. უცნობია, მოასწრებს თუ არა ის მატჩამდე მომჯობინებას, მაგრამ თუ არა, ეს გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია.

ურთიერთშეხვედრები:

ერთ დროს ისტორიული დაპირისპირება საკმაოდ მდიდარია - გუნდების გზები 1954 წლის მუნდიალზე ორჯერ გადაიკვეთა და თუ ჯგუფში ფერენც პუშკაშმა და კომპანიამ 8:3 იმარჯვეს, ფინალში გერმანიამ ფავორიტი გატეხა და 3:2 იმარჯვა. 

ჯამურად, ეს ორი გუნდი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდა. გერმანიამ 4 გამარჯვება მოიპოვა, უნგრეთმა კი - 3.

სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია: ნოიერი, გინტერი, სულე, რუდიგერი, კიმიხი, გუნდოგანი, კროოსი, გოსენსი, ჰავერცი, გნაბრი, სანე

უნგრეთი: გულაჩი, ბოტკა, ორბანი, ატ.სალაი, ნაგი, ნეგო, კლაინჰაისლერი, შაფერი, ფიოლა, ნიკოლოჩი, სალაი.

23:00 პორტუგალია - საფრანგეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯგუფურ ეტაპს კი დავხურავთ ისე, როგორც ეს მას შეეფერება - ტურნირის საუკეთესო (ერთ-ერთი მაინც) მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები შეერკინებიან და ევრო 2016-ს ფინალს გადაითამაშებენ.

საფრანგეთი ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს, პორტუგალია კი 3 ქულით მესამეა. ევროპის ჩემპიონებისთვის დამაიმედებელი ის არის, რომ გუნდს +1 აქვს ბურთების ბალანსი, რაც მესამე ადგილით გასვლის კარგ შანსს ტოვებს, თუ გუნდი საფრანგეთთან არ განადგურდება. ამ ეტაპზე, მესამეადგილოსნების ცხრილში პორტუგალია მეორე ადგილს იკავებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი მარცხის მიუხედავადაც ექნება. მთავარია, თუ მარცხი შედგა - დიდი ანგარიშით არ იყოს.

რაც შეეხება საფრანგეთს, მისი ამოცანა გაცილებით მარტივი და აუღელვებელია - გუნდმა უნდა მოიგოს და ჯგუფს პირველი ადგილით დაასრულებს. თუმცა, მინიმუმ მესამე ადგილით შემდეგ ეტაპზე გასვლა ფრანგებს უკვე განაღდებული აქვთ, ამიტომ გავარდნის საშიშროება არ არსებობს, რაც დეშამის გუნდს ფრთებს შეასხამს და უფრო მარტივად თამაშის საშუალებას მისცემს.

პორტუგალიას ერთი კარგი ამბავი აქვს - საერთო ჯგუფში ტრავმის შემდეგ ჟოაო ფელიქსი დაბრუნდა და ვარჯიშიც დაიწყო. ფრანგებს კი, პირიქით, სამწუხარო ამბავი შეემთხვათ - უნგრეთთან მატჩში ტრავმა მიიღო უსმან დემბელემ, რომელიც თავის ნაკრებს ამ ევროზე ვეღარ დაეხმარება.

ურთიერთშეხვედრები:

ამ ორი გუნდის გზები ისტორიაში 9-ჯერ გადაიკვეთა და უპირატესობა ფრანგების მხარეზეა - გუნდმა გამარჯვების მოპოვება 7-ჯერ მოახერხა, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ერთი კი პორტუგალიამ მოიგო. თუმცა, ის ერთი გამარჯვება შეიძლება ითქვას რომ გუნდმა ყველაზე კარგ დროს მოიპოვა - ევრო 2016-ს ფინალში!

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუგალია: პატრისიუ, სემედუ, დიაში, პეპე, გერეირო, დანილო, რენატო სანჩესი, ბრუნო ფერნანდესი, ბერნარდო, რონალდუ, ჟოტა

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი, კანტე, პოგბა, ტოლისო, გრიზმანი, მბაპე, ბენზემა.