ავტორიზაცია

3 პენალტი, დიდი დრამა და ნამდვილად სიკვდილის ჯგუფი - გერმანია გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, ჯგუფიდან სამივე ფავორიტი გავიდა [VIDEO]

3 პენალტი, დიდი დრამა და ნამდვილად სიკვდილის ჯგუფი - გერმანია გავარდნას ბეწვზე გადაურჩა, ჯგუფიდან სამივე ფავორიტი გავიდა [VIDEO]
თარიღი 24 ივნ 2021, 00:58

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ძალიან დრამატულად დასრულდა!

ბოლო სათამაშო სესიაში მონაწილეობას F ჯგუფი იღებდა, რომელიც კენჭისყრიდანვე მოინათლა „სიკვდილის“ ჯგუფად. ბოლო ტურში, მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მის მეტსახელს შეეფერებოდა.

პორტუგალია 2-2 საფრანგეთი

გერმანია 2-2 უნგრეთი

მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონების დაპირისპირება ძალიან დრამატული გამოდგა - მატჩში სამი თერთმეტმეტრიანი ვიხილეთ და სამივე ზუსტად შესრულდა - ორი რონალდუს მიერ, ერთი კი ბენზემასი.  

გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურად უნგრეთი გერმანიას სენსაციურად ამარცხებდა, პორტუგალიისთვის ფრანგებთან წაგება არაფრით არ შეიძლებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში გუნდი მე-4 ადგილზე გადიოდა და ევროპის ჩემპიონატს ეთიშებოდა. 

იყო მომენტი, როცა საფრანგეთი 2-1 იგებდა, უნგრეთი კი გერმანიას ამარცხებდა და ლაივ-ცხრილში პორტუგალიელეები მეოთხე ადგილს იკავებდნენ. თუმცა, რონალდუმ მეორე პენალტიც ზუსტად შეასრულა და თავისი ნაკრები ბრძოლაში დატოვა. 

პარალელურად მიმდინარე მატჩში მოვლენები კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა - გერმანიამ დიდი წვალების შემდეგ უნგრეთთან ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ პირველივე შეტევაში საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღო საქმე კიდევ უფრო გაირთულა. „ბუნდესნაკრებისთვის“ საბედნიეროდ, გუნდმა დარჩენილ დროში წონაწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა და ტურნირზე დარჩენა დიდი სირთულეების გადალახვის მიუხედავად მოახერხა. 
ამრიგად, სიკვდილის ჯგუფი დრამატულად, მაგრამ ლოგიკურად დასრულდა - ჯგუფიდან სამივე ფავორიტი გავიდა. 

1. საფრანგეთი - 5 ქ.
2. გერმანია - 4 ქ. 
3. პორტუგალია - 4 ქ.
4. უნგრეთი - 2 ქ.

პორტუგალიამ 4 მოპოვებული ქულით საუკეთესო მესამეადგილოსნების ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ზედიზედ მეორე ჩემპიონატზე მესამე ადგილით გავიდა.