"ვწუხვარ, რომ ოთხი წლით დავაგვიანე", - მოურინიომ ტოტის უპასუხა
58 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, რომელიც ახალი სეზონიდან „რომას“ გაწვრთნის, რომაული გუნდის ლეგენდას უპასუხა.
ბოლო ინტერვიუში, ფრანჩესკო ტოტიმ მოურინიოს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
„მადლობა ამ სიტყვებისთვის, ფრანჩესკო. ვწუხვარ, რომ ოთხი წლით დავაგვიანე. შენი გაწვრთნა უდიდესი სიამოვნება იქნებოდა.“ - წერს მოურინიო „ინსტაგრამში“.
„რომას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ჟოზე 2021 წლის 1 ივლისიდან ჩაიბარებს. „ტოტენჰემამდე“ ის „მან.იუნაიტედში“, „ჩელსიში“, „რეალში“, „ინტერში“, „პორტუში“, „უნიონ ლეირიასა“ და „ბენფიკაში“ მუშაობდა.
როგორც პრესა წერს, ახალ გუნდში ჟოზეს ხელფასი წლიურად 7.5 მილიონი ევრო იქნება, „რომასთან“ მან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
რაც შეეხება ტოტის, მან მთელი თავისი კარიერა „რომაში" გაატარა - მისი დებიუტი 1992/93-წლებში შედგა და კარიერა 2017 წელს დაასრულა. 25 სეზონში იტალიელმა 786 მატჩში 307 გოლი გაიტანა.