ავტორიზაცია

მერვედფინალების მეორე დღე: სუპერწყვილი და ჰოლანდია უხერხული მეტოქის წინააღმდეგ

მერვედფინალების მეორე დღე: სუპერწყვილი და ჰოლანდია უხერხული მეტოქის წინააღმდეგ
თარიღი 27 ივნ 2021, 10:10

ევრო 2020-ს მერვედფინალური ეტაპის პირველი, საკმაოდ საინტერესო დღის შემდეგ, დღეს გველის მეორე - კიდევ უფრო დამაინტრიგებელი დღე ერთი სუპერ წყვილით.

ნიდერლანდები - ჩეხეთი, 20:00

უნგრეთში, „პუშკაშ არენაზე“ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ნიდერლანდების ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. 

გზა 1/8-ფინალამდე:

ნიდერლანდების ნაკრებმა თავისი ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ გაიარა - ჯერ უკრაინა დაამარცხა 3:2, შემდეგ ავსტრია 2:0, ჯგუფი კი ჩრ.მაკედონიის 3:0 განადგურებით დაასრულა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა. თუმცა, ბევრის აზრით, გუნდს ჯერ სერიოზული გამოცდა არ ჰქონია. რთული სათქმელია, არის თუ არა დე ბურის გუნდისთვის ჩეხეთი - სერიოზული გამოცდა, მაგრამ კარგი მატჩის მოლოდინი რომ უნდა გვქონდეს, ესეც ფაქტია.

რაც შეეხება ჩეხეთს, გუნდი 4 ქულით ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა. ჩეხებმა კვარტეტი სრული ბალანსით დაასრულეს: 1 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი. ერთადერთი მარცხი გუნდმა ბოლო ტურში, ინგლისის წინააღმდეგ იწვნია (0:1), ფრეს ხორვატიასთან დასჯერდა (1:1), პირველ ტურში კი შოტლანდიას პატრიკ შიკის ცენტრიდან გოლითა და ჯამში, დუბლით მოუგო.

ურთიერთშეხვედრები: 

ჩეხეთისა და ჰოლანდიის ურთიერთშეხვედრების ისტორია საკმაოდ მდიდარია, თუმცა უკანასკნელად გუნდებმა ერთმანეთში თითქმის 6 წლის წინ, 2015 წლის ოქტომბერში ითამშეს, როცა ჩეხებმა 3:2 მოიგეს. საინტერესოა, რომ ბოლო 2 მატჩი სწორედ ჩეხეთის გამარჯვებით დასრულდა (3:2, 2:1). 

ჯამურად, ეს ორი გუნდი ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდა და აღნიშვნის ღირსია, რომ უპირატესობა ჩეხეთის მხარესაა: 5 გამარჯვება, 3 მარცხი და 3 ფრე. უკანასკნელად, ჰოლანდიამ მეტოქე შორეულ 2005 წელს დაამარცხა (0:2). თუმცა, მას შემდეგ გუნდებმა მხოლოდ 2-ჯერ ითამაშეს.

ბუკმეიკერების ფავორიტი:

ლოგიკურია, რომ მიუხედავად ჩეხეთთან 16-წლიანი მოუგებელი სერიისა, მატჩის აშკარა ფავორიტად ჰოლანდიის ნაკრები მიიჩნევა, რომლის გამარჯვების კოეფიციენტმაც ბოლო პერიოდში დაიწია და 1.61 შეადგენს. რაც შეეხება ჩეხეთს - მისი გამარჯვება 5.75-ით ფასდება, ფრე - 3.80.

სავარაუდო შემადგენლობები: 

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დე ვრეი, ბლინდი, დე ლიგტი, დუმფრისი, დე იონგი, დე როონი, ვან აანჰოლტი, ვეინალდუმი, დეპაი, ვეგჰორსტი

ჩეხეთი: ვაცლიკი, კუფალი, ჩელუსტკა, კალასი, მატეიუ, ჰოლსი, სოუჩეკი, მასოპუსტი, დარიდა, ჯანკტო, შიკი.

ბელგია - პორტუგალია, 23:00

გაცილებით ხმაურიანი წყვილის დაპირისპირებას ვიხილავთ თბილისის დროით 23:00 საათზე, როდესაც ერთმანეთს ბელგიისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები შეერკინებიან ესპანეთში, სტადიონ „ლა კარტუხაზე“.

საინტერესოა, რომ სევილიური სტადიონის საფარის მდგომარეობას თავად ესპანელებიც აკრიტიკებდნენ, რომლებსაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე საშინაო შეხვედრის ჩატარება მოუწიათ. უცნობია, გამოსწორდა თუ არა ამ მხრივ მდგომარეობა, მაგრამ როცა მასპინძელი საკუთარი სტადიონის საფარს აკრიტიკებს, ესეიგი საქმე ცუდადაა.

გზა ფინალამდე:

შეიძლება ითქვას, ორივე ნაკრებმა ჯგუფიდან ისე გააღწია, როგორც მათგან ხალხი ელოდა - ბელგიელებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს: რუსეთი 3:0, დანია 2:1, ფინეთი 2:0 და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ. რაც შეეხება ფერნანდუ სანტუშის გუნდს, ევროპის მოქმედი ჩემპიონები სიკვდილის ჯგუფში მოხვდნენ და რა გასაკვირია, რომ ზედიზედ მეორე ევროპის პირველობაზე, შემდეგ ეტაპზე მესამე ადგილით გავიდნენ - უნგრეთი 3:0, გერმანია 2:4, საფრანგეთი 2:2.

ურთიერთშეხვედრები: 

ჰოლანდიისა და ჩეხეთის მსგავსად, ბელგია - პორტუგალიასაც ერთმანეთში 11 მატჩი აქვთ ჩატარებული. უკანასკნელი დაპირისპირება 2018 წლის ზაფხულში, ევრო 2016-ის წინ შედგა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა: 3-3 მოგება და 5 ფრე. უკანასკნელი გამარჯვება პორტუგალიისთვის 2016 წლის მარტით თარიღდება (2:1), ბელგიამ კი ბოლოს შორეულ 1989 წელს მოიგო (3:0). საინტერესოა, რომ ბელგიელები პორტუგალიელებს ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებდნენ, თუმცა პორტუგალიამ ეს ჩამორჩენა აღმოფხვრა და ანგარიში გაათანაბრა.

ბუკმეიკერების ფავორიტი:

ამ მატჩს ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, როგორიც სხვა მერვედფინალში ჰოლანდიაა, მაგრამ ბუკმეიკერების აზრით, გამარჯვების უფრო დიდი შანსი ბელგიის ნაკრებს აქვს, რისი კოეფიციენტიც 2.30-ს შეადგენს, პორტუგალიის გამარჯვება 3.25 ფასდება, ფრე კი 3.20.

სავარაუდო შემადგენლობები: 

ბელგია: კურტუა, ვერტონგენი, ბოიატა, ალდერვეირელდი, ტილემანსი, ვიტსელი, მენიე, ტორგან აზარი, დე ბრუინი, ედენ აზარი, ლუკაკუ

პორტუგალია: პატრისიუ, სემედუ, პეპე, დიაში, გერეირო, მოუტინიო, დანილო, სანჩესი, ჟოტა, ბერნარდუ, რონალდუ.