ოფიციალურად: ბაიერნმა ნიუბელი იჯარით გაუშვა და ნოიერის შემცვლელად თავისი ყოფილი ფეხბურთელი დააბრუნა

მიუნხენის „ბიაერნმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეკარის პოზიციაზე ცვლილებების შესახებ გამოაცხადა.
როგორც მოსალოდნელი იყო, გოლკიპერი ალექსანდრ ნიუბელი ორწლიანი იჯარით „მონაკოში“ გადავიდა, თუმცა „ბაიერნს“ მომავალ ზაფხულს მეკარის ნაადრევად დაბრუნებაც შეეძლება.
„მიხარია, რომ „მონაკოში“ განვითარების მომდევნო ნაბიჯის გადადგმა შემეძლება. მნიშვნელოვანია, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო და აქ ამის შესაძლებლობა მექნება. მინდა, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ამ შანსისთვის მადლობა გადავუხადო. ჩემი გლობალური ამოცანაა - ეს ნდობა მომავალში გავამართლო.“ - აღნიშნა ნიუბელმა.
ამასთანავე, „ბაიერნმა“ სარეზერვო გოლკიპერის გათავისუფლებულ პოზიციაზე სვენ ულრაიხი დააბრუნა, რომელიც გუნდში 2015-2020 წლებში ირიცხებოდა. გასულ სეზონში ის „ჰამბურგის“ ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და მიუნხენურ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა.