ავტორიზაცია

წარმოუდგენელი სანახაობა, დრამა და 5:3! — ესპანეთმა ხორვატიას დამატებით დროში მოუგო [VIDEO]

წარმოუდგენელი სანახაობა, დრამა და 5:3! — ესპანეთმა ხორვატიას დამატებით დროში მოუგო [VIDEO]
თარიღი 28 ივნ 2021, 22:34

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, ერთმანეთს ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა კოპენჰაგენში, "პარკენ სტედიუმზე" გაიმართა და "ფურია როხას" გამარჯვებით დასრულდა - 5:3, დამატებით დროში.

ანგარიში კურიოზული გოლით გაიხსნა - მე-20 წუთზე, ესპანელთა მეკარემ, უნაი სიმონმა მცველისგან უკან დაბრუნებული ბურთი ვერ შეიმაგრა და ხორვატები დაწინაურდნენ.

ლუის ენრიკეს შეგირდებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ტაიმში მოახერხეს - 38-ე წუთზე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონების კარი პაბლო სარაბიამ აიღო.

მეორე ნახევარი ესპანელთა უპირატესობით დაიწყო, რამაც შედეგი 57-ე წუთზე გამოიღო - ხორვატებს სესარ ასპილიკუეტამ თავური დარტყმით გაუტანა. 77-ე წუთზე, ფერან ტორესმა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ესპანეთი ადვილად მოიგებდა, მაგრამ ხორვატებმა სასწაული ჩაიდინეს - 85-ე წუთზე, სხვაობა მინიმუმამდე მისლავ ორშიჩმა შეამცირა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი მარიო პაშალიჩმა ანგარიში გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

დამატებული 30 წუთი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და ესპანელები კვლავ წინ გავიდნენ - მე-100 წუთზე, ალვარო მორატამ მოახერხა თავის გამოჩენა. ზუსტად 3 წუთში მიკელ ოიარსაბალმაც გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ასე და ამგვარად, 1/4 ფინალში ესპანეთის ნაკრები გავიდა, სადაც საფრანგეთისა და შვეიცარიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ვიდეომიმოხილვა