საოცარი მატჩი სენსაციური დასასრულით - საფრანგეთი შვეიცარიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, ერთმანეთს საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული შეხვედრა ბუქარესტში, სტადიონ "ნაციონალ არენაზე" გაიმართა და ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც შვეიცარიას გაუმართლა - 5:4.
ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-15 წუთზე, ჰარის სეფეროვიჩმა ულამაზესი თავურით შვეიცარიელები დააწინაურა. პირველ ნახევარში მეტი არაფერი შეცვლილა.
55-ე წუთზე, შვეიცარიას უპირატესობის გაზრდის 100%-ანი შანსი მიეცა, თუმცა რიკარდო როდრიგესმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
პენალტის გაცუდებიდან 4 წუთის მონაკვეთში, 57-ე და 59-ე წუთებზე, ფრანგებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი წინ გასვლა მოახერხეს - კარიმ ბენზემას დუბლით.
75-ე წუთზე, პოლ პოგბამ ბრწყინვალე დარტყმით "მამლების" უპირატესობა გაზარდა და ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შვეიცარიელებმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს.
81-ე წუთზე, ჰარის სეფეროვიჩმა სხვაობა შეამცირა, 90-ე წუთზე კი მარიო გავრანოვიჩმა წონასწორობა აღადგინა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
საბოლოო ჯამში, დამატებულ 30 წუთში გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც კილიან მბაპემ გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და საფრანგეთი ევრო 2020-ს გამოეთიშა.
ცნობისთვის, მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს ხორვატიას (5:3, დ.დ) მოუგო.
ვიდეომიმოხილვა