ავტორიზაცია

მაგარი მატჩების შემდეგ, ნაბახუსევის დრო არ არის - მერვედფინალების ბოლო დღეს, ტრადიციული სუპერწყვილის დაპირისპირება გველის

მაგარი მატჩების შემდეგ, ნაბახუსევის დრო არ არის - მერვედფინალების ბოლო დღეს, ტრადიციული სუპერწყვილის დაპირისპირება გველის
თარიღი 29 ივნ 2021, 10:51

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, ევროპის ჩემპიონატების კი არა, ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო დღე ვიხილეთ, ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ახლა, დღევანდელ მატჩებზეც უნდა ვიფიქროთ, რომელიც არანაკლებად საინტერესო შეიძლება გამოდგეს.

ორი მერვედფინდალიდან როგორც მინიმუმ ერთ-ერთი, უდიდეს დაპირისპირებას გვპირდება, რადგან სახელებით, ეს წყვილი თავიდანვე ერთ-ერთ საუკეთესოდ გვესახებოდა.

ინგლისი - გერმანია, 20:00

დაპირისპირება, რომელიც მერვედფინალის ერთ-ერთ მშვენებად უნდა მოგვევლინოს. ტურნირის ორი ფავორიტი, რომლებიც მოვლენებმა ასეთ ადრეულ ეტაპზე შეახვედრა ერთმანეთს. ორივე გუნდისთვის დადებითი ის არის, რომ ისინი ბადის ქვედა, შედარებით (სახელებით) უფრო სუსტ ნაწილში მოხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წყვილის გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე შვედეთი/უკრაინას გამარჯვებულს შეხვდება, შემდეგ კი, ნახევარფინალში, დანიას ან ჩეხეთს.

გზა მერვედფინალამდე:

ინგლისმა ჯგუფი ნაკლებად სანახაობრივად, მაგრამ სტაბილურად წარმართა - პირველ ტურში გაისტუმრა თითქოსდა ჯგუფის მთავარი კონკურენტი, ხორვატიის ნაკრები, როცა პრაგმატულ სტილში 1:0 იმარჯვა. მეორე წრეში იყო უსახური ფრე შოტლანდიასთან (0:0), ბოლო ტურში კი გუნდმა ისევ 1:0 დაამარცხა ჩეხეთის ნაკრები, რომელიც, როგორც ჰოლანდიასთან მატჩში ვიხილეთ, საკმაოდ დიდი ძალაც ყოფილა.

მიუხედავად ჯგუფიდან 7 ქულით გასვლისა, საუთგეიტის გუნდს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ, პირველ რიგში - შეტევაში ცუდი ფანტაზიის და დაბალი შედეგიანობის გამო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც „სამი ლომის“ შემადგენლობაში ევრო 2020-ზე შეძლო თავის წარმოჩენა - რაჰიმ სტერლინგია. ინგლისმა ორივე მატჩი სწორედ მისი გოლებით მოიგო. გარდა ამისა, კრიტიკის საგანი საუთგეიტი იმიტომაც ხდება, რომ ჯეიდონ სანჩოს სათამაშო დროს საერთოდ არ აძლევს.

რაც შეეხება გერმანიას - იოაჰიმ ლიოვის გუნდი ზედიზედ მეორე დიდ ტურნირზე ჯგუფში ჩარჩენასთან ძალიან ახლოს იყო. თითქოს, სიკვდილის ჯგუფში ჩარჩენა არც ისეთი სამარცხვინო უნდა იყოს, მაგრამ როცა ევროზე ჯგუფიდან პრაქტიკულად ყველა მესამეადგილოსანი გადის, მეოთხეზე გასვლა გერმანიისთვის ნამდვილად სამარცხვინო შედეგი იქნებოდა.

გუნდმა პირველ ტურში საფრანგეთთან ჰუმელსის ავტოგოლით წააგო, მეორე წრეში თავის, გერმანულ, სანახაობრივ სტილში პორტუგალია დატოვა უშანსოდ (4:2) და როცა ყველას ეგონა, რომ ბუნდესნაკრები დაიქოქა, უნგრეთთან გუნდი თავისივე კედლებში ბეწვზე გადაურჩა წაგებას და ტურნირიდან ნაადრევად მოკვეთას.

უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ იოაჰიმ ლიოვისთვის 15-წლიანი კარიერა სრულდება და სავარაუდოდ, გერმანელი სპეციალისტი კარგად წასვლას ისურვებდა - მისი შემცვლელის ვინაობაც უკვე ყველამ იცის, ლიოვს ამ თანამდებობაზე ჰანსი ფლიკი შეცვლის.

ურთიერთშეხვედრები:

მერვედფინალური წყვილებიდან, ურთიერთშეხვედრების ისეთი მდიდარი ისტორია, როგორიც ინგლისს და გერმანიას აქვთ - არავის ჰქონია. ეს ორი გუნდი ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდა. საინტერესოა, რომ პირველი დაპირისპირება 1966 წლის მუნდიალის ფინალში შედგა - იმ ერთადერთ ტურნირზე, რომელზე გამარჯვებაც ინგლისის ნაკრებმა მოახერხა.

17 მატჩში 9-ჯერ (დამატებითი დროის და პენალტების ჩათვლით) გამარჯვება გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა, 5-ჯერ ინგლისმა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. პირველი მატჩის ჩატარების დრო უკვე გითხარით, ამ დრომდე უკანასკნელად კი ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2017 წელს, ამხანაგურ მატჩში შეხვდა - ფრე, 0:0.

ბუკმეიკერების ფავორიტი:

ევროპული საბუკმეიკერო კომპანიების აზრით, შემდეგ ეტაპზე გასვლის ფავორიტი ინგლისის ნაკრებია, რომლის გამარჯვებასაც კოეფიციენტი 2.45 აქვს, გერმანიის წარმატება 3.10-ით ფასდება, ისევე როგორც ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები:

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ, ფილიპსი, რაისი, მაუნტი, სტერლინგი, საკა, კეინი

გერმანია: ნოიერი, გინტერი, ჰუმელსი, რუდიგერი, გუნდოგანი, კროოსი, კიმიხი, გოსენსი, გნაბრი, ჰავერცი, მიულერი.

შვედეთი - უკრაინა, 23:00

მერვედფინალების სერიას კი შვედეთისა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირებით დავხურავთ. ერთი შეხედვით, მატჩს ფავორიტი არ ჰყავს, რადგან დაახლოებით ერთი დონის გუნდებზეა საუბარი. თუმცა, მცირე ფავორიტად მაინც შვედეთი გვევლინება.

გზა ფინალამდე:

უკრაინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჰოლანდიას კარგი ბრძოლა გაუმართა და 0:2-დან 2:2-მდე ამოქაჩა, თუმცა მაინც დამარცხდა. მეორე წრეში შევჩენკოს გუნდმა ჩრ. მაკედონია დაამარცხა, ბოლოში კი ავსტრიასთან (0:1) დამარცხდა და ჯგუფიდან მესამე ადგილით მოახერხა გასვლა.

რაც შეეხება შვედეთს, გუნდმა პირველ წრეში ესპანეთთან ფრე, 0:0 ითამაშა, მეორე წრეში სლოვაკეთს მოუგო (1:0), მესამეში კი პოლონეთს (3:2) და ჯგუფიდან პირველი ადგილით შეძლო გასვლა.

ურთიერთშეხვედრები:

შვედეთისა და უკრაინის ნაკრებების გზები საფეხბურთო მოედანზე 5-ჯერ არის გადაკვეთილი და აშკარა უპირატესობა უკრაინელების მხარეზეა - გუნდმა 4-ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

უკანასკნელი შეხვედრა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა, როცა უკრაინელებმა 2:1 დღევანდელი მთავარი მწვრთნელის, ანდრეი შევჩენკოს დუბლით მოიგეს.

ბუკმეიკერების ფავორიტი:

მატჩის ფავორიტად შვედეთის ნაკრები გვევლინება, რომლის მოგებასაც 2.40 აქვს კოეფიციენტი, უკრაინის მოგების ალბათობა 3.20-ით ფასდება, ფრე კი 3.10-ით.

სავარაუდო შემადგენლობები:

შვედეთი: ოლსენი, ლუსტიგი, ლინდელოფი, დანიელსონი, აუგუსტინსონი, ოლსონი, ეკდალი, ფორსბერგი, ლარსონი, ისაკი, ქუაისონი.

უკრაინა: ბუშანი, კარავაევი, ზაბარნი, მატვიენკო, მიკოლენკო, სიდორჩუკი, შაპარენჩო, ზინჩენკო, მალინოვსკი, იარმოლენკო, იარემჩუკი.