VIDEO: გერმანია ევრო 2020-ს დაემშვიდობა — უემბლიზე ინგლისმა მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა!
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, ერთმანეთს ინგლისისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული შეხვედრა ლონდონში, "უემბლიზე" გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
მიუხედავად რამდენიმე რეალური საგოლე მომენტისა, პირველ ტაიმში გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაუზავდნენ.
მეორე ნახევარიც ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ანგარიში კი 75-ე წუთზე ინგლისელებმა გახსნეს - მანუელ ნოიერის კარი რაჰიმ სტერლინგმა აიღო.
82-ე წუთზე, ტომას მიულერი ჯორდან პიკფორდთან პირისპირ გავიდა, თუმცა კარს ააცილა და წონასწორობის მალევე აღდგენის 100%-ანი შანსი გაუშვა ხელიდან.
ვერ გაიტან, გაგიტანენ: მიულერის მომენტიდან ზუსტად 4 წუთში "ბუნდესთიმს" ჰარი კეინმა გაუტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
ასე და ამგვარად, გერმანია ევრო 2020-ს გამოეთიშა, ინგლისი კი 1/4 ფინალში ითამაშებს, სადაც შვედეთისა და უკრაინის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ვიდეომიმოხილვა