მბაპე და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც ევრო 2020-ზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს

კილიან მბაპემ პირველი აღიარება 19 წლის ასაკში მოიპოვა, როცა თავისთვის პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირზე, 4 გოლი გაიტანა, საუკეთესო ახალგაზრდას სტატუსს დაეუფლა და საფრანგეთის ნაკრებმა კი, 20 წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის თასი სამშობლოში ჩაიტანა.
თუმცა, ევრო 2020-ზე სიტუაცია სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მბაპემ ყველა მატჩის უკლებლივ ყველა წუთი ითამაშა და ბოლო შეხვედრაში გადამწყვეტი პენალტი გააცუდა, რის გამოც საფრანგეთი 1/8-ფინალიდან ასპარეზს გამოეთიშა.
„ამ გვერდის გადაფურცვლა ძალიან რთულია. ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ჩემს მიერ შესრულებული პენალტით განადგურებული ვარ. მინდოდა, გუნდს დავხმარეოდი და ჩავფლავდი. დაძინება გამიჭირდება. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდე.“ - წერდა მბაპე მარცხის შემდეგ.
ჯერ კიდევ ევრო 2020-ს დაწყებამდე, მბაპე ქარიშხლის შუაში იყო მოქცეული, როცა ოლივიე ჟირუმ მას ბრალი პასების არ გაკეთებაში დასდო.
„ვცდილობ, გამოსავალის მოძებნაში დავეხმარო, ბურთს ვითხოვ...თუმცა, ის ჩემამდე ვერ მოდის.“ - თქვა ჟირუმ.
„ის, რაც მან თქვა, არ მაღელვებს. მე მხოლოდ ის არ მესიამოვნა, რომ ეს ყველაფერი პრესით ითქვა. მას გოლი მივულოცე და პირადად ჩემთვის, არაფერი უთქვამს.“ - უპასუხა მბაპემ.
მბაპეს კრიტიკამაც, რა თქმა უნდა, არ დააყოვნა: „მას განუსაზღვრელი სიდიდის ეგო გააჩნია, დიდიე დეშამი ამას ვეღარ უმკლავდება და ეს პრობლემურია. თუ ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც ყველა ამბობს, მას თავისი სიკაშკაშის წარმოდგენა არ გამოსდის.“ - აღნიშნა ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა.
შვეიცარიის წინააღმდეგ, საფრანგეთმა უფსკრულს გაუსინჯა გამო. მბაპე (2.7) და კლემან ლანგლე (2.3) გამოცემა L’Equipe-სგან ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღეს.
„პენალტი, რომელიც მან გააცუდა, მის ტურნირს აჯამებს. მას თავისი გოლებით მატჩები უნდა მოეგო, როგორც ბენზემას, მაგრამ რეალურად, ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა.“ - აღნიშნა ფრანგმა ექს-ფეხბურთელმა, დავიდ ჯინოლამ.
ყველაზე დიდი კონფლიქტი ფრანგებს შორის ბუქარესტში შედგა - სტადიონზე, რომელზეც მატჩი შვეიცარია - საფრანგეთი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დედამ, ვერონიკა რაბიომ, ტრიბუნაზე მჯდომ მბაპეს მამას, ვილფრიდს სთხოვა, რომ მისი შვილი ნაკლებად ქედმაღალი იყოს.
თუმცა, მბაპეს მიმართ ყველა ასეთი კრიტიკული არ იყო. მაგალითად, ლეგენდარული პელე სოციალურ ქსელში ფრანგს გამოექომაგა: „თავი მაღლა დაიჭირე, კილიან! ხვალ ახალი თავგადასავლის პირველი დღეა.“
ვარსკვლავები კაშკაშის გარეშე
მბაპე არ არის ერთადერთი ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელი, რომელმაც ევრო 2020-ზე ვერ გაიბრწყინა. ბრუნო ფერნანდეშმა საკლუბო დონეზე უმაღლესი სეზონი ჩაატარა, თუმცა სეზონი პორტუგალიის ნაკრების სათადარიგოს ფეხბურთელად დაასრულა. მისი პორტუგალიელი თანაგუნდელი, ჟოაო ფელიქსი, ტრავმის გამო თითქმის მოედანზე არ გამოჩენილა, მაგრამ კრიტიკისგან ამანაც ვერ დაიცვა და როი კინმა მას თვითმარქვია უწოდა.
წარმატებული ევრო ვერ ჰქონდა გარეტ ბეილსაც - კი, მან ტურნირი ორი ასისტით დაასრულა (ორივე თურქეთთან მატჩში მიითვალა), მაგრამ იმავე შეხვედრაში პენალტი გააცუდა და საერთოდაც, უელსის ნაკრებში მას გოლი 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია.