ავტორიზაცია

ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის - დღეს, პირველი 1/2 ფინალური წყვილი გაირკვევა!

ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის - დღეს, პირველი 1/2 ფინალური წყვილი გაირკვევა!
თარიღი 02 ივლ 2021, 10:08

დღეს, ჩვენი დროით 20:00 და 23:00 საათზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ორი მერვედფინალური დაპირისპირება - შვეიცარია-ესპანეთი და ბელგია-იტალია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წყვილების გამარჯვებულები ერთმანეთს ევრო 2020-ის 1/2 ფინალში შეხვდებიან.

შვეიცარია-ესპანეთი, 20:00 საათი

ესპანეთს უწინასწარმეტყველებდნენ ფეილს, ჯერ კიდევ საბოლოო შემადგენლობის დასახელების მომენტში, თუმცა ფაქტია, ეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალშია. "ფურია როხამ" არც ისე მარტივად გადალახა ჯგუფური ეტაპი, 1/8 ფინალში კი სუპერ მატჩში ხორვატია იქნა დამარცხებული.

პირენეელებისა და "მოჭადრაკეების" ეპიკური დუელი ისტორიას დარჩება დიდხანს, ისევე როგორც შვეიცარიის გმირობა ტურნირის მთავარ ფავორიტ საფრანგეთთან. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მატჩში, რომლის 75-ე წუთისთის ეს ნაკრები იგებდა 3:1-ს, მოგებული სხვა გუნდი გამოვიდოდა.

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, "მამლები" წავიდნენ სახლში, "მესაათეები" კი არიან აქ, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და ემზადებიან მორიგი გმირობისთვის, ამჯერად "წითლებთან". ფავორიტად მოიაზრება უფრო სტატუსიანი ნაკრები, მაგრამ მოდით ვარაუდები და პროგნოზები "სამფეროვნების" ფანებთან დავტოვოთ.

ფაქტი, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდს აძლევს უპირატესობას არის ოპტიმალური შემადგენლობა, მაშინ, როდესაც ვლადიმირ პეტკოვიჩი ვერ გამოიყენებს თავისი გუნდის კაპიტანს, გრანიტ ჯაკას. ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებების სავარაუდო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:

შვეიცარია - სომერი, აკანჯი, ელვედი, როდრიგესი, ვიდმერი, ზუბერი, ფროილერი, ზაკარია, შაქირი, ემბოლო, სეფეროვიჩი

ესპანეთი - სიმონი, ლაპორტი, გარსია, ალბა, ასპილიკუეტა, ბუსკეტსი, კოკე, პედრი, სარაბია, ტორესი, მორატა

ბელგია-იტალია, 23:00 საათი

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალის მთავარი წყვილი და ბევრის აზრით, მომავალი ჩემპიონის ვინაობა სწორედ ამ დუელში გაირკვევა. არსებობს მოსაზრება, რომ დღეს, იტალია პირველ სერიოზულ გამოცდას ჩააბარებს. აქამდე ამ ნაკრების მეტოქეები იყვნენ შვეიცარია, უელსი, თურქეთი და ავსტრია.

"სკუადრა აძურას" მთელი ტურნირის განმავლობაში ავსებენ კომპლიმენტებით, თუმცა ფაქტია, სუსტი წერტილები აქვს ამ გუნდსაც და ეს "შვაბებთან" მეორე ტაიმშიც გამოჩნდა. რაც შეეხებათ "ეშმაკებს", ვარსკვლავური თაობა და შეთამაშებული შემადგენლობა თავის საქმეს აკეთებს.

ჯგუფური ეტაპის უმარტივესად გადალახვის შემდეგ, "წითლებმა" დაამარცხეს დიდიე დეშამის გუნდის მსგავსი კიდევ ერთი სახალხო ფავორიტი, პორტუგალია. რობერტო მარტინესის გუნდში შესანიშნავ ფორმაშია რომელუ ლუკაკუ, რომლისთვისაც მილანის "ინტერში" გატარებული სეზონი შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არ დასრულებულა.

აპენინელებს დღეს დააკლდებიან ალესანდრო ფლორენცი და ლორენცო პელეგრინი, ბელგიის დანაკლისი კი ბევრად უფრო მასშტაბურია - ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, ტიმოტი კასტანი და სიმონე მინოლე. "ლურჯებისა" და "ეშმაკების" სავარაუდო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:

ბელგია - კურტუა, ვერმალენი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, მუნიე, აზარი, ტილემანსი, ვიტსელი, კარასკო, მერტენსი, ლუკაკუ

იტალია - დონარუმა, კიელინი, ბონუჩი, დი ლორენცო, სპინაცოლა, ჟორჟინიო, ვერატი, ბარელა, კიეზა, ინსინიე, იმობილე

"ინდივიდუალურად ჩვენი უფრო მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს", - ვიტსელი იტალიასთან მატჩის წინ