ევრო 2020-ს ერთ-ერთმა აღმოჩენამ თავის გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ალექსანდერ ისაკმა, ესპანურ „რეალ სოსიედადთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ბასკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
21 წლის თავდამსხმელმა „სოსიედადთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ამჟამად, ფეხბურთელი ევრო 2020-ზე ასპარეზობის შემდეგ, შვებულებაში იმყოფება, თავის გუნდს კი, ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად, 26 ივლისს შეუერთდება.
ესპანურ გუნდში ისაკი 2019 წლიდან ასპარეზობს, 2020/21-სეზონში მან „სოსიედადის“ მაისურით 44 მატჩში 17 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფეხბურთელი შვედეთის ნაკრებში ევრო 2020-ს ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გოლები არ გაუტანია, ის გუნდის პრაქტიკულად ყველა შეტევას უძღვოდა და თითქმის ყველა შეხვედრაში საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა.