VIDEO: კიდევ ერთი სენსაცია არ შედგა — ესპანეთმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, ერთმანეთს ესპანეთისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, სტადიონ "გაზპრომ არენაზე" გაიმართა და "ფურია როხას" გამარჯვებით დასრულდა.
ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც ძლიერი ესპანეთი აღმოჩნდა - 3:1.
ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-8 წუთზე, შვეიცარიელთა ნახევარმცველმა, დენის ზაქარიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ესპანელები დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში მეტი აღარაფერი შეცვლილა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ნახევარში შვეიცარიელები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო - ხერდან შაქირიმ წონასწორობა აღადგინა.
77-ე წუთზე, შვეიცარიას ნახევარმცველი, რემო ფრეულერი გაუძევეს და კაცნაკლული დარჩა, თუმცა ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა შეძლო და საქმე პენალტებამდე მიიყვანა.
"საფეხბურთო ლატარეაში" შვეიცარიელებმა სამი თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს და მომდევნო ეტაპზე ესპანეთი გავიდა - 1/2 ფინალში ლუის ენრიკეს შეგირდები ბელგია - იტალიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
ვიდეომიმოხილვა