ავტორიზაცია

ოიარსაბალი: "ბუსკეტსის მიერ გაცუდებული დარტყმის შემდეგ, სიმონს ვუთხარი, რომ 3 პენალტს მოიგერიებდა"

ოიარსაბალი: "ბუსკეტსის მიერ გაცუდებული დარტყმის შემდეგ, სიმონს ვუთხარი, რომ 3 პენალტს მოიგერიებდა"
თარიღი 03 ივლ 2021, 00:50

ესპანეთის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, მიკელ ოიარსაბალმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ გაამხნევა მეკარე, უნაი სიმონი შვეიცარიასთან (1:1, 3:1 - პენალტების სერიაში) მატჩში გამართული პენალტების სერიის მიმდინარეობისას.

თავად 24 წლის ფეხბურთელმა გადამწყვეტი 11-მეტრიანი გაიტანა, რომელმაც ესპანელები ევრო 2020-ის ნახევარფინალში გაიყვანა.

"შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა და საბედნიეროდ, ჩემი პენალტი გამოვიყენე. როცა ბურთთან მიდიხარ, თავში სხვა აზრები არ გიტრიალებს და ბურთამდე გასავლელი გზა ისეთი გრძელია".

"როცა ბუსკეტსმა ვერ გაიტანა, უნაის ვუთხარი, სამ დარტყმას მოიგერიებ-თქო. დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს მისი დღეა და ეს ვუთხარი".

"თუ ნახევარფინალშიც ასე ვითამაშებთ, გამარჯვების შანსები გვექნება", - ციტირებს ოიარსაბალის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

მოგეხსენებათ, სიმონმა შვეიცარიელებს ორი პენალტი აუღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.