"იმედისმომცემი ფეხბურთელი დიდი მიზნებით", - წამყვანი ვალენსიური გამოცემა გიორგი მამარდაშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის
ყველაზე ცნობილი ვალენსიური გამოცემა Super Deporte ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, სტატიას უძღვნის.
როგორც იცით, მამარდაშვილი „დინამო თბილისიდან“ „ვალენსიაში“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით გადავიდა.
„გიორგი მამარდაშვილი უკვე ვალენსიაშია. ახალგაზრდა ქართველი დიდი მიზნებით ჩამოფრინდა - იშრომოს და ხოსე ბორდალასს თავი პირველივე დღიდან მოაწონოს. ვალენსიის მთავარ მწვრთნელს არჩევნის გაკეთება 4 გოლკიპერს შორის მოუწევს და მათ შორის მამარდაშვილსაც, პრესეზონის დროს აქტიურად დააკვირდება, რომელიც შემდეგ ოთხშაბათს, „სიუდად დეპორტივა დე პატერნაზე“ იწყება.
1.97 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელმა, რომელიც გუნდს „დინამო თბილისიდან“, იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, ესპანეთში სახელი უკვე გაითქვა, როცა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „გრანადას“ წინააღმდეგ საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა.
თავდაპირველად, გიორგი „ვალენსია ბ-ს“ შემადგენლობაში, მესამე დივიზიონში ითამაშებს, სადაც საკუთარი ფასის და სიძლიერის დამტკიცებას შეეძლება და ამავდროულად, ეცდება კლუბის მფლობელებს მისი შენარჩუნების, ანუ გამოსყიდვის აუცილებლობაშ დაარწმუნოს. თუმცა, ეს არის მხოლოდ თავდაპირველი ამოცანა, რადგან მისი ამჟამინდელი ღირებულება ქვედა ესპანურ დივიზიონებში თამაშს აღემატება.
„ვალენსიაში“ ამჟამინდელი სიტუაცია გუნდს გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. ბორდალასი პირველ მეკარედ იასპერ სილესენს განიხილავს, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი გაყიდვა გამოსარიცხი სულაც არ არის. თავის მხრივ, კრისტიან რივერომაც გაახანგრძლივა გუნდთან კონტრაქტი და კლუბმა მისი პირველ გუნდში დარჩენა დაადასტურა. ასევე, გუნდიდან წასვლას არც ხაუმე დომენეკი აპირებს.
უეფას 50 იმედისმომცემ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი
გიორგი მამარდაშვილი არ არის უბრალოდ რიგითი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკლებად განვითარებული ფეხბურთი დატოვა იმისთვის, რომ თავი ერთ-ერთ წამყვან ლიგაში მოესინჯა. 21-წლამდელთა ნაკრების წევრი თავის ქვეყანაში, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ გამოცდილია ევროარენაზე - მას თავი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს მოსინჯული. მისი ასპარეზობა უეფასთვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი და დღესდღეობით, ის ევროპის 50 ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელებს შორის შედის.
ვალენსიას აეროპორტში ჩაფრენა გიორგი მამარდაშვილმა თავადვე, სოციალურ ქსელში დაადასტურა.“ - წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.