ავტორიზაცია

"თუ ოქროს ბურთის მოგება უნდა, პსჟ უნდა დატოვოს", - ანელკამ მბაპეს რჩევა მისცა

"თუ ოქროს ბურთის მოგება უნდა, პსჟ უნდა დატოვოს", - ანელკამ მბაპეს რჩევა მისცა
თარიღი 05 ივლ 2021, 16:51

„პსჟ-ს“ და საფრანგეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, ნიკოლა ანელკამ, კილიან მბაპეს პარიზული გუნდიდან წასვლა ურჩია.

„თუ მბაპეს საუკეთესოობა სურს, მან „პსჟ“ უნდა დატოვოს. რაც არ უნდა გააკეთოს მან პარიზულ გუნდში, ვიღაცა მაინც იტყვის: „კი, „პსჟ-ში“ კარგი იყავი, მაგრამ ეს ხომ საფრანგეთში იყო. საუკეთესო ჩემპიონატები კი - ინგლისი და ესპანეთია. შენ საუკეთესოების წინააღმდეგ მუდმივად თამაშის შესაძლებლობაც არ გქონია.“

მბაპეს ამ გადაწყვეტილების მიღება სჭირდება იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოიგოს და კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის წარმატება გაიმეოროს. ფრანგული ლიგა 1 - ადვილი ტურნირი არ არის, მაგრამ მგონია, რომ მსოფლიოში საუკეთესო - პრემიერ ლიგაა.

თუ მბაპეს სურს, რომ საუკეთესო გახდეს, უნდა გააკეთოს ის ყველაფერი, რასაც „პსჟ-ში“ აკეთებს, ოღონდ „ჩელსიში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „არსენალში“, „მან.სიტიში“ ან „ლივერპულში“.“ - ციტირებს ანელკას სიტყვებს The Athletic.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პსჟ-სთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის პარიზელებს ახალ ხელშეკრულებაზე უარს ეუბნება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში" სურს.