ავტორიზაცია

VIDEO: იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

თარიღი 07 Jul 2021, 01:42

ლონდონში, სტადიონ „უემბლიზე“ ევრო 2020-ს პირველ ნახევარფინალში იტალიამ პენალტებში ესპანეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა - ანგარიში მე-60 წუთზე ფედერიკო კიეზამ გახსნა, რომელმაც იტალიელთა საუცხოო კონტრშეტევის შემდეგ, საჯარიმოში შეჭრა და შორეული ულამაზესი დარტყმით მოახერხა უნაი სიმონის კარის აღება.

გოლის შემდეგ, „სკუადრა აძურა“ კარის დაცვაზე ფიქრს შეუდგა და თითქოს, ესპანელები ბევრ საგოლე მომენტსაც ვერ ქმნიდნენ. თუმცა, მე-80 წუთზე, ანგარიშის გათანაბრება შეცვლაზე შემოსულმა ალვარო მორატამ მოახერხა, რომელმაც შეტევა თავადვე წარმართა, დანი ოლმოსთან გაითამაშა და დონარუმას აუღებლად დაურტყა.

შედეგად, საქმე დამატებით დროში გადავიდა, სადაც ესპანელები უფრო კარზე დაგეშილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თუმცა საქმე მაინც პენალტების სერიამდე მივიდა. ესპანეთისთვის ზედიზედ მეორედ, რადგან გუნდმა წინა წრეში შვეიცარიის ბარიერიც თერთმეტმეტრიანების სერიაში გადალახა.

საფეხბურთო ლატარეაში უფრო ძლიერი იტალიის ნაკრები აღმოჩნდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თავის მეტოქეს გუნდი უკვე დღეს, 7 ივლისს შეიტყობს, როცა თბილისის დროით 23:00 საათზე ერთმანეთს ინგლისის და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, გადამწყვეტი პენალტი ესპანეთის რიგებში ალვარო მორატამ გააფუჭა.