ავტორიზაცია

ინგლისის ნაკრები: ასე ახლოს ფინალთან, მაგრამ არც ისე სასიამოვნო მეტოქის წინააღმდეგ - ვინ შეუერთდება იტალიას გადამწყვეტ შეხვედრაში?

ინგლისის ნაკრები: ასე ახლოს ფინალთან, მაგრამ არც ისე სასიამოვნო მეტოქის წინააღმდეგ - ვინ შეუერთდება იტალიას გადამწყვეტ შეხვედრაში?
თარიღი 07 ივლ 2021, 02:38

დღეს, ლონდონში, სტადიონ „უემბლიზე“ მეორე ნახევარფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და დანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

თუ პირველ ნახევარფინალში ორი ფავორიტის მატჩი ვიხილეთ, მეორე შეხვედრაში სიტუაცია განსხვავებულია - თუ ინგლისი თავიდანვე ტურნირის მოგების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა, დანიის შემთხვევა განსხვავებული იყო და ოთხეულში ბევრი არავინ ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეკრულობა და სიძლიერე ყველასთვის ნათელი იყო. მითუმეტეს, რომ პირველ ორ ტურში, გუნდმა ერიქსენის გულის შეტევის შოკი და ორი მარცხი გამოიარა.

სატურნირო გზა:

ინგლისის ნაკრებზე ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებით რთული ჯგუფის გავლა მოუწია. პირველივე ტურში ინგლისელებმა კვარტეტის მთავარი კონკურენტი, ხორვატიის ნაკრები 1:0 დაამარცხეს, შემდეგ შოტლანდიასთან ფრე (0:0) ითამაშეს, ბოლო მატჩში კი მომავალ მეოთხედფინალისტს, ჩეხეთის ნაკრებს ასევე მინიმალური ანგარიშით (1:0) სძლიეს და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.

პირველ ადგილზე გასვლით, ინგლისი შედარებით სუსტ ბადეში მოხვდა - თავიდანვე ამბობდნენ, რომ მერვედფინალური წყვილის: ინგლისი - გერმანიას გამარჯვებული ფინალში გასვლის მთავარი ფავორიტი იქნებოდა, რადგან ¼-ფინალში „სამი ლომის“ მეტოქე ანდრეი შევჩენკოს ნაკრები იყო, რომელიც საუთგეიტის შეგირდებმა არ შეიმჩნიეს (4:0) და ნახევარფინალამდე სრულიად გოლგაუშვებლად მოვიდნენ.

რაც შეეხება დანიას - უკვე გითხარით, რომ პირველ ორ ტურში გუნდმა ორი მარცხი იწვნია - ჯერ სენსაციურად ფინეთთან (0:1), როცა 1992 წლის ევროპის ჩემპიონს სათამაშო განწყობა საერთოდ არ ექნებოდა, გამომდინარე ისევ ერიქსენის ამბავიდან. მეორე წრეში, გუნდმა ბელგიასთან საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა, პირველი ტაიმი 1:0 მოუგო კიდეც, თუმცა მეორეში ბელგიელებმა 2 უპასუხო გოლი გაიტანეს და დანიის ჯგუფიდან გასვლის შანსები შეამცირეს.

მიუხედავად 2 ტურის შემდეგ 0 ქულისა, ბოლო ტურში დანიამ რუსეთი 4:1 გაანადგურა და 3 ქულით, ჯგუფიდან მეორე ადგილით, უელსის ნაკრებზე გავიდა, რომელთანაც ბრძოლა საერთოდ არ შედგა - ბრაითვეითმა, პოულსენმა და კამპანიამ ბრიტანული გუნდი 4:0 გაანადგურა და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.

მეოთხედფინალში დანიელების მეტოქე ჩეხეთი იყო, რომელსაც მეოთხედფინალშიც ბევრი არავინ ელოდა - ანგარიშის (2:1) მიუხედავად, მატჩი დანიის უპირატესობით წარიმართა და გუნდი ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.

უეფას გადაწყვეტილებით, ტურნირის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები „უემბლიზე“ იმართება, რაც შეიძლება ინგლისის ნაკრების უპირატესობად მივიჩნიოთ, თუმცა ის, რომ დანია ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვისაა - ამ ტურნირზეც უკვე არაერთხელ გამოჩნდა და ზოგადად, ევრო 2020-ს დაწყებამდე, გუნდს ბოლო 2 წელიწადში მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდა წაგებული და ორივე - ბელგიის ნაკრებთან, შესარჩევში.

ბუკმეიკერის ფავორიტი:

ლოგიკურია, რომ ბუკმეიკერთა აზრით, ფინალში გასვლის მთავარი პრეტენდენტი ინგლისის ნაკრებია, რომლის მოგებასაც 1.72 აქვს კოეფიციენტი, ინგლისის 5.25-ს საპირწონედ. 

ამ შეხვედრის ფრედ დასრულებასაც კი უფრო მაღალი ალბათობა აქვს - 3.60, ვიდრე დანიის ნაკრების პირდაპირ გამარჯვებას.

ურთიერთშეხვედრების ისტორია:

ინგლისის და დანიის ურთიერთშეხვედრების ისტორია საკმაოდ მდიდარია - გუნდებმა ერთმანეთში 21 მატჩი ჩაატარეს (ამხანაგურების ჩათვლით), პირველი შეხვედრა კი შორეულ 1948 წელს გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.

მთლიანობაში, ინგლისმა ამ 21 მატჩიდან 12 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა. თუმცა, დამაიმედებელი ამბავი დანიელებისთვისაც არსებობს:

საქმე ისაა, რომ ბოლო 7 წელიწადში გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდნენ - ორივეჯერ, 2020 წელს, უეფას ერთა ლიგაზე. დანიაში გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, „უემბლიზე“ კი დანიელებმა 1:0, ერიქსენის მიერ გატანილი პენალტით მოიგეს. 

ინგლისის უკანასკნელი გამარჯვება დანიასთან კი 2014 წლით თარიღდება, როცა გუნდმა ამხანაგური მატჩი 1:0 მოიგო. 

სავარაუდო შემადგენლობები:

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ, ფილიპსი, რაისი, სანჩო, მაუნტი, სტერლინგი, კეინი

დანია: შმეიხელი, კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი, ჰოიბიერგი, დილეინი, ლარსენი, მაელე, დამსგაარდი, ბრაითვეიტი, დოლბერგი.