ავტორიზაცია

პენალტებს გუნდები ჯერ კიდევ კენჭისყრაზე იგებენ - ხალხი ჩოგბურთის ტაი-ბრეიქის სისტემაზე გადასვლას ითხოვს

პენალტებს გუნდები ჯერ კიდევ კენჭისყრაზე იგებენ - ხალხი ჩოგბურთის ტაი-ბრეიქის სისტემაზე გადასვლას ითხოვს
თარიღი 12 ივლ 2021, 19:27

ინგლისმა ევრო 2020-ზე ასპარეზობა ფინალში მტკივნეული მარცხით დაასრულა, რომელიც გუნდმა იტალიის წინააღმდეგ, პენალტების სერიაში იწვნია.

ამ პენალტების სერიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ერთ რაღაცაში: თერთმეტმეტრიანებს გუნდი ჯერ კიდევ კენჭისყრის დროს იგებს.

არსებობს მტკიცე სტატისტიკა იმისა, რომ გუნდი, რომელიც პენალტების წინ კენჭისყრას იგებს და პირველი დარტყმის უფლებას იღებს, ხშირ შემთხვევაში გამარჯვებულიც გამოდის, რაც ესპანეთის ნაკრების ნახევარფინალში წაგების შემდეგ, ჟერარ პიკემაც აღნიშნა თავის „ტვიტერში“.

ევრო 2020-ზე გამართულ ოთხ პენალტების სერიას, რომელიც იტალიამ (2), ესპანეთმა და შვეიცარიამ მოიგეს, ერთი მსგავსება ჰქონდა: ყველა შემთხვევაში მოგებული გუნდი პირველ დარტყმას ასრულებდა.

ფეხბურთში არსებობს დაუწერელი კანონი, რომ მეტოქეზე უფრო დიდი ზეწოლისთვის, აუცილებელია კენჭისყრა მოიგო და პირველი დარტყმის უფლება მოიპოვო, რადგან სულ რომ ყველა დარტყმა უშეცდომოდ შესრულდეს, პირველ დამრტყმელს შეცდომის გამოსწორების უფლება ექნება, მეორეს - აღარ.

სტატისტიკოსმა იგნასიო პალასიოს ჰუერტამ გამოივკლია, რომ მთლიანობაში, პირველი დარტყმის შემსრულებელი გუნდი პენალტებს 60% შემთხვევაში იგებს, თუმცა ევრო 2020-ზე ეს ციფრი 100%-ს უდრიდა.

ყველაზე დიდი მითქმა-მოთქმა კიელინისა და ჟორდი ალბას სიტუაციამ გამოიწვია, როცა არცერთი მათგანი არ იყო დარწმუნებული, თუ ვინ მოიგო კენჭისყრა და რომელს უნდა შეესრულებინა პპირველი პენალტი. სწორედ ამის შემდეგ, ხალხი ალაპარაკდა პენალტების ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე.

ამჟამად, თერთმეტმეტრიანების სტრუქტურა მარტივია: AB-AB-AB, თუმცა, ბევრის და მათ შორის, ჟერარ პიკეს აზრით, უნდა იყოს ასეთი: A-BB-AA-BB-AA-B (ასეთი სისტემა გამოიყენება ჩოგბურთის მეცამეტე გეიმში, ანუ ტაი-ბრეიქზე). 

ასეთი მეთოდით პენალტების შესრულება 2017 წლის ინგლისის სუპერთასზე დაიტესტა, როცა ერთმანეთს „არსენალი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ და იქ პირველი დარტყმა „ლურჯებმა“ შეასრულეს, რომლებმაც საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერია დათმეს.